არჩილ თალაკვაძე: თითოეულ ოპოზიციურ პარტიას, რომელმაც საარჩევნო ბარიერი გადალახა, აქვს რესურსი, წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში – დიალოგი პარლამენტში უნდა გავაგრძელოთ

“თითოეულ ოპოზიციურ პარტიას, რომელმაც საარჩევნო ბარიერი გადალახა, აქვს რესურსი და შესაძლებლობა, თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს.

მისი თქმით, პოლიტიკური დიალოგი და დისკუსია პარლამენტში უნდა გაგრძელდეს.

,,ჩატარებული არჩევნები არის შესაძლებლობა, რომ ჩვენს მოქალაქეებს სტაბილური პოლიტიკური მმართველობა შევთავაზოთ. 2020 წლის არჩევნების შედეგად, საზოგადოებამ 9 პოლიტიკური პარტია, არაერთი ახალი პოლიტიკოსი და მეტი ქალი შეიყვანა პარლამენტში; პირველად უახლეს ისტორიაში, აღარავის აქვს ჭარბი უმრავლესობა, ოპოზიციას კი რეგლამენტით ქმედითი საპარლამენტო ბერკეტები აქვს. შესაბამისად, ეს ქმნის შესაძლებლობას, რომ ახალი პარლამენტი უფრო შედეგზე ორიენტირებული, ჯანსაღ პოლიტიკურ დისკუსიაზე დაფუძნებული და მონაწილეობითი იყოს.

ნაცვლად იმისა, რას არ ვეთანხმებით, ჯობს, ვიფიქროთ იმაზე – რა პრობლემებისა და ამოცანების გადაჭრას ელოდება საზოგადოება პოლიტიკოსებისგან. თითოეულ ოპოზიციურ პარტიას, რომელმაც საარჩევნო ბარიერი გადალახა, აქვს რესურსი და შესაძლებლობა, თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში. პოლიტიკური დიალოგი და დისკუსია კი პარლამენტში უნდა განვაგრძოთ. პანდემიის მიუხედავად, 2 მილიონამდე მოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და ჩვენ უფლება არ გვაქვს, მათი არჩევანი ეჭვქვეშ დავაყენოთ”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები