იოსებ არჩვაძე: იანვარ-ოქტომბერში ადგილობრივი ექსპორტი 4.7%-ით გაიზარდა, ამ პერიოდში რეექსპორტი 36.1%-ით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ თითქმის 9.2 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც შესაბამის პერიოდში წარმოებული ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის, დაახლოებით, 75 პროცენტის ექვივალენტურია. ექსპორტის თანაფარდობამ ქვეყნაში შექმნილი დამატებული ღირებულების სიდიდესთან თითქმის 25 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები დამყარებული აქვს მსოფლიოს 142 ქვეყანასთან, ამასთან, ხუთ ძირითად სავაჭრო პარტნიორზე (თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი) საგარეო სავაჭრო ბრუნვის ნახევარზე მეტი (51.2%) მოდის.
„საქართველოს ადგილობრივი ექსპორტის დინამიკა იანვარ-ოქტომბერში გაცილებით პოზიტიური ტრენდის მატარებელია ქვეყნის ეროვნული პროდუქტის ბოლო პერიოდის დინამიკასთან შედარებით (რომელსაც ასევე დადებითი დინამიკა ახასიათებს), რაც ცალსახად მიუთითებს როგორც ეკონომიკის მზარდ მდგრადობაზე, ისე ადგილობრივი წარმოების პროდუქციის საგარეო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის ზრდაზე. აღნიშნული გარემოება საკმაოდ მყარ საფუძველს ქმნის ჩამოყალიბებული პოზიტიური კუმულატიური მუხტის საშუალოვადიან პერსპექტივაში ეკონომიკის განვითარების მზარდ მაჩვენებლებში კონვერტირებისათვის,“ – ასე შეაფასა ეკონომიკის ექსპერტმა, იოსებ არჩვაძემ საგარეო ვაჭრობის წინასწარი მაჩვენებელი 2020 წლის იანვარი – ოქტომბრის პერიოდისთვის.
არჩვაძის განცხადებით, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტის მოცულობა (2715.3 მლნ. აშშ დოლარი) წინა წლის შესაბამის პერიოდს ჩამორჩებოდა 11.1 პროცენტით, მაშინ როდესაც იმპორტი – (6444.2 მლნ. აშშ დოლარი) – 16.6 პროცენტით. მისი თქმით, საგარეო ვაჭრობის ასეთი შემცირება უმეტესწილად განპირობებულია პანდემიით გამოწვეული გლობალური მოთხოვნისა და, შესაბამისად, საქართველოს რეექსპორტის მოცულობის შემცირებით.
ამასთან, ექსპორტის მთლიანი მოცულობის შემცირების პირობებში ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი – რეექსპორტის გარეშე) გაიზარდა 4.7 პროცენტით და 1956.8 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია. ამ პერიოდში რეექსპორტი შემცირდა 36.1 პროცენტით (758.5 მლნ. აშშ დოლარი, ნაცვლად წინა წლის 1186.1 მლნ. აშშ დოლარისა). ადგილობრივი ექსპორტი მთლიანი ექსპორტის 72.1 პროცენტს შეადგენს (მათ შორის მხოლოდ ოქტომბერში – 75.8%-ს).
იოსებ არჩვაძის განცხადებით, ექსპორტი იმპორტის გადაფარვის მაჩვენებელი იანვარ-ოქტომბერში 42.1 პროცენტია (მ.შ. ოქტომბერში – 44.3%), რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელთან (39.5%) შედარებით 2.6 პუნქტთაა გაუმჯობესებული. ამასთან, ძირითადი სავაჭრო პარტნიორების მიხედვით ეს მაჩვენებელი მკვეთრად განსხვავებულია: თურქეთთან იგი შეადგენს 13.8%-ს, რუსეთთან – 49.5%-ს, ჩინეთთან – 73.1%-ს, ხოლო აზერბიჯანთან – 95.5%-ს.
მისი თქმით, ექსპორტით იმპორტის გადაფარვამ 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში 42.1 პროცენტი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელთან (39.5%) შედარებით 2.6 პუნქტითაა გაუმჯობესებული. მხოლოდ ოქტომბერში იგივე მაჩვენებელი შეადგენდა 44.3 პროცენტს, რაც წინა წლის დონეს (34.2%) 10.1 პუნქტით აღემატება.
მთლიანობაში, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით უარყოფითი სავაჭრო ბალანსი შემცირდა სავაჭრო ბრუნვის 40.7 პროცენტამდე (2019 წ. – 41.4%), ხოლო აბსოლუტური მოცულობით – 941.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც, საზღვარგარეთელი ტურისტების და შესაბამისად, ქვეყანაში სავალუტო შემოსავლების მკვეთრი შემცირების ფონზე, პოზიტიურ გავლენას ახდენდა ქვეყნის ეროვნული ვალუტის კურსზე.
საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები იანვარ-ოქტომბერში დამყარებული ჰქონდა მსოფლიოს 142 სახელმწიფოსთან (2019 წ. – 139 სახელმწიფოსთან). წინა წელთან შედარებით იმ ქვეყნების რიცხოვნობა, ვისთანაც საქართველოს დადებითი სავაჭრო ბალანსი ჰქონდა, 44-დან 50-მდე გაიზარდა, ხოლო იმათი რაოდენობა, ვისთანაც უარყოფითი ბალანსი – შემცირდა 95-დან 92-მდე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები