კელი დეგნანი: მაიკ პომპეოს ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებული ახლო, სტრატეგიული პარტნიორობის

„აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ჩამოვიდა საქართველოში, რათა გამოეხატა აშშ-ის მიერ საქართველოს არჩევანის მტკიცე მხარდაჭერა, გაღრმავდეს ევროატლანტიკური კავშირები და კიდევ ერთხელ დაედასტურებინა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის ფონზე”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

ელჩი გულწრფელ მადლობას უხდის საქართველოს გულმხურვალე მასპინძლობისა და მეგობრობისთვის, რაც სახელმწიფო მდივნის ვიზიტის დროს გამოვლინდა.

„სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩამოვიდა საქართველოში, რათა გამოეხატა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს არჩევანის მტკიცე მხარდაჭერა, გაღრმავდეს ევროატლანტიკური კავშირები და კიდევ ერთხელ დაედასტურებინა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის ფონზე. ვიზიტის დროს სახელმწიფო მდივანმა პომპეომ ხაზი გაუსვა ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს. ეს ღირებულებები-დამოუკიდებლობა, პატივისცემა, ტოლერანტობა და თავისუფლება ქმნის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველს. ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთან მტკიცე ორმხრივი დღის წესრიგი აქვს. სახელმწიფო მდივანმა პომპეომ საქართველოს პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანთან ნაყოფიერი შეხვედრების დროს განიხილა რიგი საკითხები, მათ შორის საქართველოს ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, მისი ძალისხმევა, ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას და ააშენოს თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტები, და ჩვენი პარტნიორობა გლობალური უსაფრთხოების გასაძლიერებლად. სახელმწიფო მდივანი, ასევე, შეხვდა მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ისე როგორც საუკუნეების განმავლობაში, დღესაც ასრულებს სასიცოცხლოდ მნიშვნელობის როლს საქართველოს უნიკალური კულტურისა და ტრადიციების დაცვაში. სახელმწიფო მდივანმა პომპეომ ხაზი გაუსვა საქართველოს როლს რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო ალიანსში და აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რელიგიის თავისუფლების ხელშეწყობა და დაცვა, რათა ყველას ჰქონდეს საკუთარი რელიგიის თუ რწმენის აღმსარებლობის თავისუფლება. სახელმწიფო მდივანმა პომპეომ თავისი ვიზიტი დაასრულა სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან დისკუსიით იმაზე, თუ რა კეთდება სასამართლო რეფორმის განსახორციელებლად და როგორია დამოუკიდებელი სასამართლოს როლი ჯანსაღ დემოკრატიულ სისტემაში. მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი, სახელმწიფო მდივნისთვის ეს შეხვედრები იყო შესაძლებლობა, მიეღო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას მიაღწია საქართველომ 30 წლის განმავლობაში. სახელმწიფო მდივნისა და მისი მეუღლის, ქალბატონი პომპეოს ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებული ახლო, სტრატეგიული პარტნიორობისა. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ ჩვენს მეგობარს, რამდენადაც გრძელდება საქართველოს ძალისხმევა, გაღრმავდეს მისი ევროატლანტიკური კავშირები, ხელი შეუწყოს ეკონომიკას და შეიტანოს წვლილი უსაფრთხოების განმტკიცებასა და სტაბილურობაში რეგიონსა და მის გარეთ. გულწრფელ მადლობას ვუხდით საქართველოს გულმხურვალე მასპინძლობისა და მეგობრობისთვის, რაც ასე ნათლად გამოვლინდა სახელმწიფო მდივნის ვიზიტის დროს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები