“ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს ოპოზიციას, სატელევიზიო დებატებში მონაწილეობა მიიღონ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დებატებზე უარის თქმა სრულ კაპიტულაციად აღიქმება.
„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ოპოზიციას ბოლო დღეების განმავლობაში უკვე არაერთგზის შევთავაზეთ სატელევიზიო დებატებში მონაწილეობა, რათა საზოგადოებას მიეღო სრული ინფორმაცია საარჩევნო პროცესის შესახებ. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“ დღესაც მზადაა ამგვარ დებატებს უმასპინძლოს. სამწუხაროდ, ოპოზიცია კვლავაც თავს იკავებს დებატებში მონაწილეობისგან და იგონებს სხვადასხვა საბაბს, რათა საზოგადოებამ არ გაიგოს სიმართლე არჩევნებთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ, ანალოგიურად, სხვადასხვა საბაბით აარიდეს მათ მანამდე თავი უბნების გადათვლასა და უბნებზე დაყენებული ვიდეოკამერების ჩანაწერების გაცნობას.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციას, გამოიჩინონ მეტი გამბედაობა, ნუ შეუშინდებიან სიმართლეს და მონაწილეობა მიიღონ ჯანსაღ სატელევიზიო დებატებში. შევახსენებთ მათ, რომ დებატებზე უარის თქმა აღიქმება სრულ კაპიტულაციად და იმის აღიარებად, რომ საუბარი არჩევნებში გამოვლენილი სისტემური ხარვეზების შესახებ ცარიელი სიტყვები, სიყალბე და სპეკულაციაა“, – განაცხადა მდინარაძემ.