სახელმწიფო ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე ან აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ახალგაზრდებს სარეაბილიტაციო მომსახურებას სთავაზობს
სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, არასრულწლოვანს 13-დან 18 წლამდე და სრულწლოვანს 18-დან 25 წლის ჩათვლით, ვინც თვლის, რომ არის დამოკიდებული ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე ან/და აზარტულ თამაშებზე, სარეაბილიტაციო მომსახურებას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სარეაბილიტაციო მომსახურება შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ მხარდაჭერით ხორციელდება და მოიცავს: ფსიქოლოგიური მომსახურების მიწოდებას, ადიქტოლოგის /ექიმი ნარკოლოგის მომსახურებას, სოციალური მუშაკის მომსახურებას და ფსიქიატრის მომსახურებას (საჭიროების შემთხვევაში). “მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, საგანგაშოა არასრულწლოვნებსა და სრულწლოვნებში ადიქციის პრობლემა. ეს არის უკონტროლო, აკვიატებული და არაჯანსაღი ლტოლვა, მიჯაჭვულობა ვინმეს/ან რაიმეს მიმართ, რომლის გარეშე ადამიანი თავს არაკომფორტულად და დაუცველად გრძნობს.
ადიქციის პრობლემა გამოიხატება: ფსიქოაქტიური ნივთიერებების და ალკოჰოლის უკონტროლო მოხმარებით; აზარტულ, კომპიუტერულ თამაშებზე და სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულებით. სარეაბილიტაციო მომსახურებაში ჩართვის მიზნით, აუცილებლად დარეკეთ „ბავშვთა უფლებების ცხელ ხაზზე – 111“.
111 – ზე ზარის განხორციელება უფასოა, კონსულტირება და სარეაბილიტაციო მომსახურებაში ჩართვა შესაძლებელია, სამუშაო დღეებში 10:00 საათიდან 19:00 საათამდე. მთავარია, იცოდე რომ შენ გაქვს შესაძლებლობა დარეკო და ერთად დავიწყოთ შენი ქცევის მართვა – გათავისუფლდი დამოკიდებულებისგან! დარეკე „ბავშვთა უფლებების ცხელ ხაზზე“ – 111. ზარის განხორციელება და მომსახურების მიღება – უფასოა!“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.