„რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის საფრთხე დღეს ყველაზე უფრო რეალურია” – აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე
“რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის საფრთხე დღეს ყველაზე უფრო რეალურია”, – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გამახარია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას სოჭში გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.
„პუტინისა და ასლან ბჟანიას შეხვედრა 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. კარგა ხანს არ იყო ცნობილი, რაზე იყო იქ საუბარი. თუმცა, ძნელი მისახვედრი არაა, რის შესახებ. სანამ სოჭის შეხვედრა შედგებოდა, ბჟანიას მოუწია თითქმის 2- კვირიანი კარანტინის გავლა. წარმოიდგინეთ, ნამდვილად დამოუკდიებელი ქვეყნის მეთაური რომ ჩავიდეს ამა თუ იმ ქვეყნის, მით უმეტეს, მოკავშირე ქვეყნის დედაქალაქში და კარანტინში გაუშვან 2 კვირის განმავლობაში. ასე მოხდა ბჟანიას შემთხვევაში, რაც კიდევ ერთხელ ძალიან კარგად მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთმა ფორმალურად კი აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა, მაგრამ სინამდვილეში ის მას არ განიხილავს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს. ის მას განიხილავს, როგორც თავის პროვინციას, რომლის ანექსიამდეც სულ რამდენიმე ნაბიჯი დარჩა“, – განაცხადა გამახარიამ.
მისივე თქმით, რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთისგან ისეთი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს, რომელიც მცოცავი ანექსიის პროცესის შემდგომი განვითარებისკენაა მიმართული.
„სოჭის შეხვედრაზე რაზეც იყო საუბარი, ეს ბჟანიამ გაამჟღავნა გუშინ თავის პრესკონფერნციაზე, რომელიც სოხუმში ჩაატარა. ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ იქ საუბარი, ძირითადად, იყო სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე, იმაზე, რომ აფხაზეთში არის უკიდურესად მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, უკიდურესად მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. აფხაზეთი, რომელსაც თავისი შემოსავლები არ გააჩნია და მთლიანადაა დამოკიდებული რუსეთზე, აღმოჩნდა ძალიან მძიმე მდგომაროებაში, რადგანაც რუსეთი მას ახლა ისე უხვად არ აფინანსებს, როგორც – წინა წლებში. ამ დაფინანსების სანაცვლოდ, ის მოითხოვს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც მიმართულია მცოცავი ანექსიის პროცესის შემდგომი განვითარებისკენ. აფხაზები ცდილობენ, ამას წინააღმდეგობა გაუწიონ, მაგრამ ამ შეხვედრებიდან, ბჟანიას მიერ ჩატარებული პრესკონფერენციიდან ძალიან კარგად ჩანს, რომ ეს წინააღმდეგობა დიდხანს ვერ გაგრძელდება და აფზეთი დღეს დგას ანექსიის საფრთხის წინაშე. ეს წინა განცხადებებში არაერხელ გვითქვამს და დღესაც მინდა, მკაფიოდ გავიმეორო. აფხაზეთის ანექსიის საფრთხე დღეს ყველაზე უფრო რელურია. უნდა ავტეხოთ განგაში, დასავლეთმა უნდა ატეხოს განგაში. ყველამ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ დასავლეთის ლიდერების, საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებებში, რეზოლუციებში ეს საფრთხე იყოს ასახული. აფხაზეთის დღეს დგას რეალური ანექსიის საფრთხის წინაშე“, – განაცხადა გამახარიამ.
თამუნა შეყილაძე