რუსთაველის გამზირზე, პომპეოს ვიზიტის პარალელურად, ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს
ოპოზიციისა და მოქალაქეების მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას “ლელოს” ლიდერები და მხარდამჭერები ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან შეუერთდებიან.
აქცია თბილისში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ოფიციალური ვიზიტის პარალელურად გაიმართება. ოპოზიციის ლიდერები, მხარდამჭერები და საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და გაყალბებულ არჩევნებს გააპროტესტებენ.
აქციის დაწყებამდე “ლელოს” ლიდერებმა კომენტარები გააკეთეს და დღევანდელი აქციის მთავარ მესიჯზე ისაუბრეს.
“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, მედეა მეტრეველის თქმით, დღევანდელი აქცია იქნება კონკრეტული გზავნილი დასავლელი პარტნიორებისა და მეგობრებისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა აპროტესტებს არჩევნების გაყალბებას.
“დაიწყო შეუქცევადი პროცესი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ეგუება არჩევნების გაყალბებასა და მათი ხმების მოპარვას. არჩევნების გაყალბება არის პირდაპირ პროპორციული ჩვენი ქვეყნის უპერსპექტივობასთან და ჩვენი შვილებისთვის მომავლის წართმევას. ამიტომაც, დღევანდელი აქცია იქნება კონკრეტული გზავნილი დასავლელი პარტნიორებისა და მეგობრებისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა აპროტესტებს არჩევნების გაყალბებას. იმედი გვაქვს ჩვენი დასავლელი პარტნიორების, რომ ამ კუთხით ჩვენი ქვეყნის სოლიდარულები იქნებიან”, – განაცხადა მეტრეველმა.
აქციაზე იმყოფება “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სამუშიაც, რომელმაც აქციის მნიშვნელობასა და მოლოდინებზე ისაუბრა.
“მადლობა აშშ-ს, რომ ყოველთვის გვერდით გვიდგას და ჩვენი ინტერესების დაცვაში გვეხმარება. რაც შეეხება დღევანდელ აქციას, ეს არის საერთაშორისო მედიის, აშშ-სა და ჩვენი დასავლელი მეგობრების მიმართ ჩვენი ხმის გაგონება, რომ საქართველოში არჩევნები ყალბდება, დემოკრატია საფრთხეშია, სამართლიანი საარჩევნო სისტემა არ არის, აქედან გამომდინარე ჩვენ გვსურს ჩვენი ხმის გაგონება მაილ პომპეოსათვის”, – აცხადებს სამუშია.