თბილისში ოპოზიციური პარტიების აქციის გამო, ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია

“თბილისში მიმდინარეობს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია, რის გამოც დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია”, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აქციის დამთავრებისთანავე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

“გაცნობებთ, რომ დღეს, 18 ნოემბერს თბილისში მიმდინარეობს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია, რის გამოც დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
კერძოდ, ავტომანქანების მოძრაობა სრულად აიკრძალა რესპუბლიკის მოედანსა და რუსთაველის გამზირზე (ყოფილი ფოსტის შენობიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით). ასევე, ტრანსპორტის ნაკადი ვერ გადაადგილდება რუსთაველის გამზირზე გამომავალ ვერც ერთ ქუჩაზე. შესაბამისად, ავტომანქანები ალტერნატიული მარშრუტებით მოძრაობენ.
გარდა ამისა, მელიქიშვილის გამზირიდან მომავალი ტრანსპორტის ნაკადი იმოძრავებს მხოლოდ მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით.
ავტომანქანები მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმართულებით მოძრაობას ვერ შეძლებენ. ასევე, გადაკეტილია​ ფილარმონიიდან მეტროსადგურ „რუსთაველამდე“, მერაბ კოსტავას ქუჩასთან დამაკავშირებელი ყველა ქუჩა.
მოძრაობა შეზღუდულია გალაქტიონის ხიდიდან ელბაქიძის აღმართზე ამომსვლელი ავტომანქანებისთვის – მძღოლები მოძრაობას გააგრძელებენ დავით აღმაშენებლის გამზირის ან სანაპიროს მიმართულებით.
ტრანსპორტის ნაკადის უსაფრთხო გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ. საჭიროების შემთხვევაში, მძღოლები პატრულ-ინსპექტორებისგან დამატებით ინსტრუქციას იღებენ. აქციის დამთავრებისთანავე, მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები