კურტ ვოლკერი: ცესკო-მ დაადასტურა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48% მიიღო, რაც საკმარისია ახალი მთავრობის შესაქმნელად
“არჩევნების შედეგების გამოკვლევასა და შემოწმებას უნდა მოჰყვეს გამარჯვებულების მიერ მთავრობის ფორმირება, დამარცხებულების მიერ პარლამენტში ოპოზიციად შესვლა და ყველა მხარის მიერ დემოკრატიული პროცესის გაგრძელების მიდევნა”, – ამის შესახებ ამერიკელი დიპლომატის, უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენლისა და ნატო-ში ყოფილი წარმომადგენლის, კურტ ვოლკერის სტატიაშია აღნიშნული, რომელიც „ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ (CEPA) ვებსაიტზე გამოქვეყნდა.
ვოლკერის თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაადასტურა, რომ მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48% მიიღო, რაც საკმარისია ახალი მთავრობის შესაქმნელად.
„რეგიონული გეოპოლიტიკური ზეწოლის ზრდა ემატება საქართველოში დაძაბულ საშინაო პოლიტიკურ ვითარებას ბოლო ეროვნული არჩევნების შემდეგ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაადასტურა, რომ მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48% მიიღო, რაც საკმარისია ახალი მთავრობის შესაქმნელად კოალიციური პარტნიორების საჭიროების გარეშე. თუმცა, გაერთიანებულმა ოპოზიციამ უარი თქვა ამ შედეგის მიღებაზე, ხმებთან დაკავშირებული კანონდარღვევების შესახებ იმ მრავალ ბრალდებაზე მითითებით, რომელიც ჯერ კიდევ გამოსაძიებელია. გარდა ამისა, სავარაუდოდ, ”გაერთიანებული” ოპოზიცია რეალურად, დაყოფილია იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოექცნენ ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს, რომლის პოლიტიკურმა პარტიამ, ”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” კენჭისყრაში მეორე ადგილი დაიკავა.
არჩევნების შედეგების გამოკვლევასა და შემოწმებას უნდა მოჰყვეს გამარჯვებულების მიერ მთავრობის ფორმირება, დამარცხებულების მიერ პარლამენტში ოპოზიციად შესვლა და ყველა მხარის მიერ დემოკრატიული პროცესის გაგრძელების მიდევნა. სამართლებრივი დაცვის საშუალებები კი სამართლებრივი დემოკრატიული საშუალებებით უნდა განხორციელდეს“, – აღნიშნულია სტატიაში.