თენგიზ ცერცვაძე: შესაძლოა, ხვალიდან კლინიკაში გადავიდე, გააჩნია, როგორ წავა ინფექცია, იქნება ისე, როგორც გუშინ და დღეს, თუ დამძიმდება
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი მსუბუქი სიმპტომები აქვს, თუმცა თუ ანალიზები სიტუაციის გართულებას აჩვენებს, მკურნალობას კლინიკაში გააგრძელებს.
რაც შეეხება დაინფიცირების წყაროს, როგორც ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხთან საუბარში აღნიშნა, მან არ იცის, ვინ არის მისი ინფიცირების წყარო.
„შესაძლოა, რომ ხვალიდან კლინიკაში გადავიდე, გააჩნია, როგორ წავა ინფექცია, იქნება ისე, როგორც გუშინ და დღეს იყო, თუ დამძიმდება. ტემპერატურის მომატება მაქვს -37,8, ხველა მაქვს ძალიან შემაწუხებელი, ყელის ტკივილი და საერთო სისუსტე. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ იყო ჩემი დაინფიცირების წყარო, რადგან იმდენ პოტენციურ დაინფიცირებულს ვხვდები. ყველასგან შეიძლებოდა გადამდებოდა, თანამშრომლების მნიშვნელოვანი ნაწილი დაინფიცირებულია. ვერაფრით გავიგებ, ვინ არის. მეუღლე ჩემზე უკეთ არის. მას ჯერჯერობით თვალების წვა აქვს და ყურების დაგუბება, სხვა სიმპტომები არ აქვს. მე რაც მაქვს, ეს პრაქტიკულად არ განსხვავდება იგივე გაციებითი დაავადებებისგან, ანუ იგივე გრიპისგან, რაც ადრე გადამიტანია. ტემპერატურის მომატება მქონია ზუსტად ასეთივე, ყელის ტკივილი მქონია ზუსტად ასეთივე, საერთო სისუსტეც თან ახლდა იმას და ხველაც. ჯერჯერობით, მე რაც მქონდა ეს არ განსხვავდება სხვა რესპირაციული ინფექციებისგან, მაგრამ თუ „კოვიდი“ გამოვლინდა მისი სპეციფიკური გართულებებით, რისთვისაც გვეშინია „კოვიდის“ და აქვს თრომბოემბოლიური გართულება, დისტრეს სინდრომი, თავის ტვინის დაზიანება, გულის დაზიანება, აი, ის უკვე იქნება განსხვავებული, მაგრამ საბედნიეროდ, ჯერ ეს ასე ვთქვათ, საშიში სიმპტომები და საშიში გართულებები არ მაქვს. თუ ტემპერატურამ ისევ აიწია, თუ ანალიზებმა აჩვენა რომელიმე გართულების საფრთხე, მაშინ დავწვები. ამ ეტაპზე მხოლოდ ვიტამინებს ვიღებ, სიცხის დამწევებს და ბევრ სითხეს. არავითარი გადასხმები არ არის საჭირო, ჯობია სითხე დალიო ჩვეულებრივად. ოღონდ შეიძლება წვენებიც დალიო, ყავაც და ჩაიც მაგრამ ორი-სამი ლიტრი სითხე უნდა დალიო და მინიმუმ, ნახევარი აქედან უნდა იყოს სუფთა წყალი, რადგან წყალი არის ყველაზე კარგი“, – განაცხადა ცერცვაძემ.