“პუტინი ჩიკაგოს მაფიის ბოსს ჰგავს” – ობამას მემუარების წიგნში საქართველოც მოხვდა
აშშ-ის 44-ე პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ საკუთარი მემუარების პირველი ტომი გამოაქვეყნა. წიგნში “აღთქმული მიწა” (“Promised Land”) ობამა რუსეთის პრეზიდენტებს – ვლადიმერ პუტინსა და დიმიტრი მედვედევსაც იხსენებს.
ობამა პუტინს “ჩიკაგოს მაფიის ბოსს” ადარებს, მედვედევზე კი საუბრობს, რომ ის რეალურ ძალაუფლებას არ ფლობდა. ობამას თქმით, პუტინი ჰგავდა ადამიანს, რომელიც “გაზრდილია ქუჩის ბოსის კანონებით, ვინც ჩიკაგოს მაფიას ხელმძღვანლობდა”.
“ამ დროს დიმიტრი მედვედევი, თითქოს, რუსეთის ახალი სახე იყო: ახალგაზრდა, ევროპაში შეკერილი კოსტიუმებით. ის რუსეთში რეალურ ძალაუფლებას არ ფლობდა. ეს ადგილი მისი უფროსით, ვლადიმერ პუტინით იყო დაკავებული”, – წერს ობამა.
ობამა ასევე საქართველოში სამხედრო მოვლენებს ქვეყანაში რუსეთის შეჭრად აფასებს, რაც “პუტინის მზარდი თავდაჯერებულობისა და საერთო ხიფათის ნიშანი იყო”.
აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი ასევე იხსენებს რუსეთთან ურთიერთობის “გადატვირთვის” საკითხს და რომ მედვედევს 2009 წლის გაზაფხულზე დიდი ოცეულის სამიტამდე შეხვდა. ობამას თქმით, მრჩევლები მას უმტკიცებდნენ, რომ მედვედევი შეეცდება, მასთან კარგი ურთიერთობის დაამყაროს, “ამით აჩვენოს, რომ მსოფლიო არენაზე ადგილს იკავებს”
“ის არც ისე მაღალი მამაკაცი იყო, მუქი თმითა და ოდნავ ფორმალური, თვითირონიის შემცველი საუბრის მანერით. უფრო საერთაშორისო მენეჯმენტის საკითხებში კონსულტანტის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ვიდრე – პოლიტიკოსის ან პარტიული წარმომადგენლის. ცხადია, მან ინგლისური ენა იცოდა, თუმცა, თარჯიმნის გამოყენება ერჩივნა”, – წერს ობამა.
“მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ის პუტინის სახელით საუბრობდა”, – იხსენებს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი.
პუტინზე საუბრისას ობამა წერს, რომ “ის არ აპირებდა, რუსეთი მარქსიზმ-ლენინიზმისკენ დაებრუნებინა, თუმცა, მისი მმართველობის დროს “ახალი რუსეთი” სულ უფრო ემსგავსებოდა ძველს”.