თეა წულუკიანი: იმედი მაქვს, გამოძიება სწრაფად გვეტყვის, ვინ არის მელიას ოფისში მომხდარი ვანდალიზმის ავტორი
“ნიკა მელიას საარჩევნო შტაბზე თავდასხმა, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
წულუკიანი იმედოვნებს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სიმართლეს სწრაფად დაადგენს.
„ნიკა მელიას საარჩევნო შტაბზე თავდასხმა, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია. რამდენადაც მე ვნახე და ჩემთვის ცნობილია, გამოძიება დაწყებულია. ერთადერთი იმედი, რაც მე ამ ტრიბუნიდან შემიძლია, ვთქვა, რომ გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად გვეტყვის, რა მოხდა რეალურად, ანუ ვინ შეიძლება, იყოს ამ ვანდალიზმის ავტორი“, – განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გლდანში “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საარჩევნო ოფისი დაწვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის მოკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.