თეა წულუკიანი: ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის ერთგული ვრჩებით და ქვეყანაში ანტიდასავლურ ქცევებს უნდა ვებრძოლოთ
“ჩვენ ვრჩებით იმ არჩევანის ერთგული, რომელიც არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში კონსტიტუციით გამყარდა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში ანტიდასავლურ ქცევებთან ბრძოლაა საჭირო.
„ჩვენ ვრჩებით იმ არჩევანის ერთგული, რომელიც არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევენი, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში კონსტიტუციით გამყარდა.
ჩვენი პოზიცია გამოკვეთილი იყო მაშინაც, როცა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოეწერა ხელი. ასევე, მაშინაც, როცა 2013 წელს საქართველოს გადმოეცა უვიზო მიმოსვლის სამოქმედო გეგმა, ასევე მაშინაც, როცა აშშ-სთან ურთიერთობა და ნატო-სთან თანამშრომლობა უმაღლეს ნიშნულზე ავიდა. ეს გაგრძელდება, მაგრამ მეორე ხელით ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ანტიდასავლურ ქცევებს ქვეყანაში და ამ ქცევების გაბანალურების მცდელობას, რადგან ეს ჩვეულებრივი მავნებლობაა“, – აღნიშნა წულუკიანმა.