ეველინ ფარკასი: საქართველოში რთული პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს – ვფიქრობ, აშშ-ის მომავალი ადმინისტრაციის ჩართულობა საქართველოსთან იმავე დონეზე იქნება, როგორც ეს ობამას დროს იყო

აშშ-ის 44-ე პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსან ეველინ ფარკასის განცხადებით, ამერიკა გააგრძელებს საქართველოს დახმარებას იმაში, რომ ის მოქნილ, მტკიცე დემოკრატიად ჩამოყალიბდეს, რადგან ეს ქართველი ხალხის სურვილია.

როგორც ფარკასმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, არჩეული პრეზიდენტი – ბაიდენი უფრო მკაცრი იქნება რუსეთის მიმართ შეკავების ძლიერი გზავნილის გაჟღერების თვალსაზრისით, რუსეთმა ნატო-ს წითელი ხაზები რომ არ გადაკვეთოს და ეცდება, ამ ქოლგის ქვეშ ისეთი ქვეყნებიც მოაქციოს, როგორიც უკრაინა და საქართველოა.

„ვფიქრობ, არჩეული პრეზიდენტი დემოკრატიას დაიცავს. მან თქვა კიდეც, რომ „დემოკრატიის სამიტს“ გამართავს და დაიცავს არა მხოლოდ ჩვენს დემოკრატიას, არამედ – სხვა ქვეყნების სუვერენულ დემოკრატიულ უფლებებს. ვფიქრობ, არჩეული პრეზიდენტი – ბაიდენი უფრო მკაცრი იქნება რუსეთის მიმართ შეკავების ძლიერი გზავნილის გაჟღერების თვალსაზრისით, რომ რუსეთმა ნატო-ს წითელი ხაზები არ გადაკვეთოს, იქნება ეს ფიზიკური ძალით თუ სხვა მეთოდებით. ასევე, ვფიქრობ, შეძლებისდაგვარად, ის ეცდება, ამ ქოლგის ქვეშ ისეთი ქვეყნებიც მოაქციოს, როგორიც უკრაინა და საქართველოა.

ვფიქრობ, აშშ-ის მომავალი ადმინისტრაციის ჩართულობა საქართველოსთან იქნება იმავე დონეზე, როგორც ეს ობამას ადმინისტრაციის დროს იყო. საქართველოში სიტუაცია ძალიან დაძაბულია – ისევე, როგორც ეს ამერიკაშია ახლა. მიმდინარეობს ძალიან რთული პოლიტიკური ბრძოლა. ვფიქრობ, ამერიკა გააგრძელებს საქართველოს დახმარებას იმაში, რომ ის მოქნილ, მტკიცე დემოკრატიად ჩამოყალიბდეს, რადგან ეს ქართველი ხალხის სურვილია. ასევე ვფიქრობ, გავაგრძელებთ საქართველოს დახმარებას ნატო-ს წევრობისთვის მოსამზადებლად. თუმცა, ნატოში გაწევრიანებას, ამასთან ერთად, ქართველების მხრიდან ერთგვარი შემოქმედებითი მიდგომა და მძიმე შრომაც დასჭირდება.

ვფიქრობ, ნატო-სთან დაკავშირებით, საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს არსებული კრიტერიუმები. ამავდროულად კი, ნატო-მ უნდა გადაწყვიტოს, მისცემს თუ არა რუსეთის მთავრობას ვეტოს [უფლებას] ქართველი ხალხის გადაწყვეტილებაზე, თუ რომელ ალიანსს დაუკავშიროს საკუთარი ქვეყანა. ამასთან, თუ იმას გულისხმობთ, მოველი თუ არა რუსეთის მიმართ ხელშეწყობის ან ზედმეტად მეგობრული დამოკიდებულების ქონას, პასუხია – არა. თუმცა, მაქვს იმის მოლოდინი, რომ ეს პრეზიდენტი მოვა და რუსეთთან ძალიან მტკიცე იქნება. ცხადია, ის რუსეთს თანამშრომლობას შესთავაზებს, სადაც ეს შესაძლებელია, მაგრამ მას ძალიან მტკიცე მიდგომა ექნება“, – განაცხადა ეველინ ფარკასმა ინტერვიუში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები