სოზარ სუბარი: ოპოზიციამ უბრალოდ მოატყუა საკუთარი ამომრჩეველი, როდესაც უარი თქვა მეორე ტურებში მონაწილეობაზე
ოპოზიციამ უბრალოდ მოატყუა საკუთარი ამომრჩეველი, როდესაც უარი თქვა მეორე ტურებში მონაწილეობაზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნები აუცილებლად ჩატარდება შაბათს.
„მესმის, რომ ზოგიერთი მათგანი ნაწყენია, გულგატეხილია იმის გამო, რომ მეტი ხმების მოლოდინი ჰქონდათ, დანარჩენები პირიქით, ახალი შემოსული პარტიები არიან და მათ სწორედ ახლა დაიწყეს გზის გაკვლევა პოლიტიკაში, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მათთვის, რომ საპარლამენტო ტრიბუნა გამოიყენონ თავისი იდეების ლობირებისთვის და ხალხთან ურთიერთობისთვის. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ისინი მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში და შემოვლენ პარლამენტში. რაც შეეხება არჩევნებს, არჩევნები აუცილებლად ჩატარდება შაბათს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ამომრჩეველი მოვიდეს მეორე ტურში ზუსტად ისე, როგორც მივიდნენ პირველ ტურში და კიდევ ერთხელ გამოხატონ თავისი ნება, ნება რომ ხმას აძლევენ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, ადამიანის უფლებების დაცვას, სტაბილურობას და ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.