აშშ-ში საქართველოს ელჩის, დავით ბაქრაძის განცხადებით, სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არის უმაღლეს ნიშნულზე.
ელჩის განმარტებით, საქართველო აშშ-სთან ყველა მიმართულებით აღრმავებს სტრატეგიულ ურთიერთობებს და ასე გაგრძელდება მომავალშიც.
„ის უმაღლესი დონის შეხვედრები, რომელიც სახელმწიფო მდივანს ექნება საქართველოში, რასაკვირველია, იქნება მიძღვნილი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულების კიდევ უფრო გაღრმავებისკენ. წლების განმავლობაში ჩვენ მივიღეთ ამერიკის შეერთებული შტატებისგან ძლიერი მხარდაჭერა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისა და ქვეყნის განვითარების მიმართულებით. აქედან გამომდინარე, ეს იქნება კიდევ ერთი ძლიერი გზავნილი, რომელსაც სახელმწიფო მდივანი ჩამოიტანს საქართველოში. ჩვენ ვაღრმავებთ ჩვენს ურთიერთობებს სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულებით, იქნება ეს თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკური, სავაჭრო, დემოკრატიის თუ სხვა მიმართულებით და რასაკვირველია ეს ვიზიტიც არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ამ ურთიერთობის აღმავალი ტრაექტორია გაგრძელდება”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ .
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოს 17-18 ნოემბერს ეწვევა.