ირაკლი კობახიძე – სკანდალურ აუდიოჩანაწერზე: წინასწარ ვსაუბრობდით, რომ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ხელოვნურად დაიდგმებოდა გარკვეული სურათი, სადაც საუბარი იქნებოდა არჩევნების გაყალბებაზე

“ჩვენ ამ სცენარებზე საუბარი წინასწარ გვქონდა. ვსაუბრობდით იმაზე, რომ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ხელოვნურად დაიდგმებოდა გარკვეული სურათი, სადაც საუბარი იქნებოდა არჩევნების გაყალბებაზე”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ “კვირას” მიერ მესამე პირისგან მოპოვებულ აუდიოჩანაწერზე საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც ცესკო-დან წასული ივანე ბურდული, სავარაუდოდ, ცესკო-ს თანამშრომელს სამსახურიდან წასვლის სანაცვლოდ თანხას სთავაზობს.

კობახიძის თქმით, ცესკო-ს მიერ ასახული მონაცემები სრულად გამოხატავს იმ განწყობას, რომელიც საზოგადოებაშია.

„ჩვენ ამ სცენარებზე საუბარი წინასწარ გვქონდა. ვსაუბრობდით იმაზე, რომ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ხელოვნურად დაიდგმებოდა გარკვეული სურათი, სადაც საუბარი იქნებოდა არჩევნების გაყალბებაზე. ვხედავთ, რომ სურათი, რაც შექმნეს, არის ყალბი. ოპოზიცია საუბრობს არჩევნების გაყალბებაზე, რაც მათი დღევანდელი მესიჯია, მაგრამ რეალურად ყველა კარგად ხედავს, რომ ცესკო-ს მიერ ასახული მონაცემები სრულად გამოხატავს იმ განწყობას, რომელიც არის ქართულ საზოგადოებაში. მათ შორის, ეს დადასტურდა იმ აქციით, რომელიც ოპოზიციის მხრიდან გაიმართა. როცა ვერ ახერხებ აქტივის მობილიზებასაც კი იმისათვის, რომ თითქოს გააპროტესტო გაყალბებული არჩევნები, ეს არის იმის დასტური, რომ არჩევნები ჩატარდა სათანადოდ და ზუსტად ის განწყობა ასახა, რაც საზოგადოებაშია ჩამოყალიბებული“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, “კვირამ” ექსკლუზიურად მესამე პირისაგან მოიპოვა სკანდალური აუდიოჩანაწერი, რომელშიც ცესკო-დან დემარშით წასული, ,,ნაციონალური მოძრაობის,, წევრის, დიმიტრი შაშკინის ახლო მეგობარი, ივანე ბურდული მისსავე თანამშრომლისგან, იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსისგან მისი ნაბიჯის გამეორებას ითხოვს. ბურდული ქრთამის შეთავაზების სანაცვლოდ ხატია ფერსაშვილს სთავაზობს, რომ დატოვოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და გააკეთოს მადისკრედიტებელი განცხადებები. გთავაზობთ სრულ აუდიოჩანაწერსა და ჩანაწერის გაშიფრულ ტექსტს.

მოგვიანებით, ივანე ბურდული მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ “კვირას” მიერ მესამე პირისგან მოპოვებული აუდიოჩანაწერი გაყალბებულია. ბურდულის თქმით, მას ხატია ფერსაშვილთან მხოლოდ სამსახურებრივი ურთიერთობები ჰქონდა და მსგავს საკითხებზე არასდროს უსაუბრია.

საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა სამართლებრივ რეაგირებას იწყებს.

“კვირას” ჩანაწერი ავთენტურია და მედიაჰოლდინგი, საჭიროების შემთხვევაში, გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები