“ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რასაც ემსახურებოდა, ზოგადად, წინასაარჩევნო და პოსტსაარჩევნო პერიოდში “ნაციონალური მოძრაობის” პროპაგანდისტული მანქანა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” საარჩევნო სიის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ “კვირას” მიერ მესამე პირისგან მოპოვებულ აუდიოჩანაწერზე საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც ცესკო-დან წასული ივანე ბურდული, სავარაუდოდ, ცესკო-ს თანამშრომელს სამსახურიდან წასვლის სანაცვლოდ თანხას სთავაზობს.
მისივე თქმით, საზოგადოება ბრძენია და ყველაფერს კარგად ხედავს.
“ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რასაც ემსახურებოდა, ზოგადად, წინასაარჩევნო და პოსტსაარჩევნო პერიოდში “ნაციონალური მოძრაობის” პროპაგანდისტული მანქანა, რომ არჩევნების დისკრედიტაცია და დელეგიტიმაცია მოხდეს. ამას ემსახურება ეს განცხადებებიც, “ფეიკნიუსების” გავრცელება და ამას ემსახურება ეს ბოლო მცდელობაც, რომ დიდი აჟიოტაჟი შეიქმნას და კიდევ ერთი თანამშრომელი ცესკო-სი სამსახურიდან წამოიყვანონ ძალით. ჩვენი საზოგადოება საკმაოდ ბრძენია და ამ ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს”, – განაცხადა სამხარაძემ.
ცნობისთვის, “კვირამ” ექსკლუზიურად მესამე პირისაგან მოიპოვა სკანდალური აუდიოჩანაწერი, რომელშიც ცესკო-დან დემარშით წასული, ,,ნაციონალური მოძრაობის,, წევრის, დიმიტრი შაშკინის ახლო მეგობარი, ივანე ბურდული მისსავე თანამშრომლისგან, იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსისგან მისი ნაბიჯის გამეორებას ითხოვს. ბურდული ქრთამის შეთავაზების სანაცვლოდ ხატია ფერსაშვილს სთავაზობს, რომ დატოვოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და გააკეთოს მადისკრედიტებელი განცხადებები. გთავაზობთ სრულ აუდიოჩანაწერსა და ჩანაწერის გაშიფრულ ტექსტს.
მოგვიანებით, ივანე ბურდული მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ “კვირას” მიერ მესამე პირისგან მოპოვებული აუდიოჩანაწერი გაყალბებულია. ბურდულის თქმით, მას ხატია ფერსაშვილთან მხოლოდ სამსახურებრივი ურთიერთობები ჰქონდა და მსგავს საკითხებზე არასდროს უსაუბრია.
საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა სამართლებრივ რეაგირებას იწყებს.
“კვირას” ჩანაწერი ავთენტურია და მედიაჰოლდინგი, საჭიროების შემთხვევაში, გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა.