თენგიზ ცერცვაძე: მივმართავ ყველას, მიუხედავად იმისა, ვინმეს კოვიდის ეშინია თუ არა, დაიცვან რეგულაციები
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ბევრს ეამაყება, რომ კოვიდის არ ეშინია და უარყოფს ყველანაირ შეზღუდვებს, რაც ძალიან დიდი შეცდომაა.
მისივე თქმით, ყველამ აუცილებელად უნდა დაიცვას რეგულაციები, მიუხედავად იმისა, ეშინია თუ არა კორონავირუსის.
“ბევრს ეამაყება, რომ არ ეშინია კოვიდის და ამიტომ უარყოფენ ყველანაირ შეზღუდვებს. ზოგი გამოწვევად და პრინციპულად არ ემორჩილება შეზღუდვებს, რათა დაამტკიცოს ძლიერი და ყოჩაღია. მოგიწოდებთ ასეთ ადამიანებს, რომლებიც შეგნებულად, გააზრებულად თუ გაუაზრებლად ახდენთ კოვიდის საფრთხის იგნორირებას – ეს არის ძალიან დიდი შეცდომა.
დავუშვათ, თქვენთვის არ არის საშიში, ახალგაზრდები ხართ და იოლად გადაიტანთ დიდი უმრავლესობა, მაინც არ არის გამართლებული ეს პოზიცია, რომ კოვიდს ანგარიშს არ უწევთ. გარანტირებულად გეუბნებით, რომ დაავადებთ თქვენი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, თქვენს დედას, მამას, ბებიას, ახლობლებს და სასიკვდილოდ გაწირავთ მათ. რა ვქნათ, იმიტომ, რომ ჩვენი ახალგაზრდული ჟინით თუ რაღაც მოსაზრებებით გვინდა, ვაჩვენოთ სხვას, რომ კოვიდის არ გვეშინია და ამით სასიცოცხლოდ გავწიროთ ჩვენი ახლობლები, განსაკუთრებით ხანდაზმულები? ეს სწორია? ეს კარგია? ეს დაუშვებელია! ჩვენ ხომ უდიდესი პატივისცემით და მოწიწებით ვექცევით საქართველოში უფროსებს, ხანდაზმულებს, ეს ხომ ერთ-ერთი ქართული ტრადიციაა, რომ ქალის და ხანდაზმული ადამიანის კულტია საქართველში. ჩვენ ჩვენს ბებიებს, ბაბუებს უდიდესი პატივისცემით ვექცევით და ეს არის პატივისცემა? მივმართავ ყველას, დამოუკიდებლად იმისა, ვინმეს კოვიდის ეშინია თუ არ ეშინია, დაიცვას რეგულაციები“, – განაცხადა ცერცვაძემ.