დავით ზალკალიანმა იაპონიის ელჩთან სატელეფონო საუბარი გამართა და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანსა და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ტადაჰარუ უეჰარას შორის, რომელმაც საქართველოში თავისი მისია დაასრულა, სატელეფონო საუბარი გაიმართა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, საუბრის დასაწყისში დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ელჩს გაწეული საქმიანობისთვის და ხაზი გაუსვა მის განსაკუთრებულ როლს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საქმეში. ამასთან, მინისტრმა მადლიერება გამოხატა იაპონიის მთავრობის მიმართ პანდემიის დროს საქართველოსთვის გაწეული ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

“მხარეებმა კიდევ ერთხელ განიხილეს ორმხრივ ურთიერთობებში არსებული თემების ფართო სპექტრი, მათ შორის, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული მიმართულებით. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ საქართველოსა და იაპონიის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე – მრავალმხრივ ფორმატებში. აღინიშნა იაპონიის, როგორც მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორის პოზიტიური როლი საქართველოს ეკონომიკაში.

თავის მხრივ, იაპონიის ელჩმა მადლობა გადაუხადა მინისტრს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ იგი გააგრძელებს საქართველოს გულშემატკივრობას და შეეცდება თავისი წვლილის შეტანას ორი ქვეყნის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საქმეში.

დავით ზალკალიანმა ტადაჰარუ უეჰარას წარმატება უსურვა სამომავლო საქმიანობაში”, –  ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები