კახა კვაშილავა: კავკასიური კონფლიქტები მოსკოვის ჯოკერია, გუბერნიობაზეც რომ დავთანხმდეთ, მაშინაც კი არ დათმობს

ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენებს, კერძოდ, 9 ნოემბერს სამმხრივი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის საკითხს, რომლის მიხედვით კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები შეწყდა და რუსეთმა ტერიტორიაზე სამშვიდობო კონტინგენტი ჩააყენა, ისტორიკოსი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კახა კვაშილავა სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, რუსეთმა ისეთი საჭადრაკო პარტია გაითამაშა, რომ ყველა პირღია დატოვა. კერძოდ, კავკასიური კონფლიქტები მოსკოვის ჯოკერია საქართველო-აზერბაიჯან-სომხეთის წინააღმდეგ, შესაბამისად, ის ამ ჯოკერებს ხელიდან არ გაუშვებს, გამოიყენა სიტუაცია და ყარაბაღის ცენტრში, რუსული ჯარი ჩააყენა.

“არ მეგონა, ამას თუ დავწერდი, მაგრამ “ბრავო” რუსულ დიპლომატიას. ისეთი საჭადრაკო პარტია გაითამაშა, ყველა პირღია დატოვა.

ბევრი მეკამათებოდა, როცა ვამბობდი, რომ ყარაბაღზე სრულ კონტროლს აზერბაიჯანს რუსეთი არ დაუთმობდა. მეუბნებოდნენ, რომ ალიევს ყველაფერი კარგად აქვს გათვლილი და მალე ჩვენთანაც ასე დასრულდება ყველაფერიო…

ბაქომ მიიღო ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი და, სამომავლოდ, გარკვეულად აღიდგინა ეროვნული ღირსება, მაგრამ პრობლემა მაინც დარჩა. ზუსტად ყარაბაღის ცენტრში რუსული ჯარი ჩადგა. თუ ბაქო მათ მოშორებას მოინდომებს, მიიღებს ყარაბაღის აღიარებას, როგორც ეს ჩვენს შემთხვევაში გააკეთა მოსკოვმა.

უნდა გვახსოვდეს, რომ კავკასიური კონფლიქტები მოსკოვის ჯოკერია საქათველო-აზერბაიჯან-სომხეთის წინააღმდეგ. ამიტომ, ის ამ ჯოკერებს ხელიდან არ გაუშვებს, თუ ძალიან არ გაუჭირდა. გუბერნიობაზეც რომ დავთანხმდეთ, მაშინაც კი არ დათმობს. ძალიან უნდა გაუჭირდეს მოსკოვს ეკონომიკურად და პოლიტიკურად, რომ საერთაშორისო ზეწოლას დაჰყვეს და კავკასიაში ხელის ფათურს მოეშვას.

შარშან, სომხეთში ყოფნისას ძალიან ბევრი (მათ შორის, ასაკოვნებიც) ადგილობრივი აღფრთოვანებული იყო ნიკოლ ფაშინიანით. მას უკავშირებდნენ მთელი რიგი პრობლემების მოგვარების პერსპექტივას. მთავარი მათ შორის კი, როგორც ისინი ამბობდნენ, იყო “ყარაბაღელთა კლანის” თავნებობისა და “ყარაბაღის ომის” ვეტერანთა პარპაშის აღკვეთა, რომელიც ლამის კრიმინალურ დონემდე იყო ასული. საინტერესო იყო ისიც, რომ ახალგაზრდა ერევნელები, როცა მათ რუსულად მივმართავდით, გვპასუხობდნენ: აი დონ’თ სპიიქ რაშენ (რუსულად არ ვსაუბრობ).

ფაშინიანი დასავლეთისკენ სომხეთის მეგზური უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, ის ვერ გაერკვა რთულ გეოპოლიტიკურ საჭადრაკო პარტიაში.

მეეჭვება, რომ ეს ომი მოსკოვს მხოლოდ და მხოლოდ ფაშინიანის დასასჯელად გამოეყენებინა. როგორც ჩანს:

1. მან კიდევ უფრო გაზარდა სამხედრო წარმომადგენლობა სამხრეთ კავკასიაში; 2. ბაქოსგან გარკვეული ეკონომიკური დივიდენდები მიიღო.
ანკარამაც დაიკმაყოფილა თავისი ინტერესები: “სომეხთა გენოციდის” საკითხისათვის ერევანს შემოულაწუნა;

2. “ორი სახელმწიფო, ერთი ერის” პრინციპის მიხედვით, ბაქოს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწია. როგორც ჩანს, მაქსიმალური სამხედრო მონაწილეობა აზერბაიჯანის კონტროლებად ტერიტორიაზე თურქ სამშვიდობოთა გარკვეული კონტინგენტის დისლოცირება იქნება. მეტი ჯერ არ ჩანს ან არ ხმაურდება. ჯერჯერობით, გამბიტი მოსკოვმა მოიგო”, – წერს ისტორიკოსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები