„მიხეილ სააკაშვილის აღიარება ნათელი დასტურია იმისა, რომ ცესკო-ზე შტურმი იგეგმებოდა“, – ნიკოლოზ მეტრეველი

“ქართული საზოგადოება არ დაუშვებს არავითარ რევოლუციურ სცენარს, არეულობას”, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ნიკოლოზ მეტრეველმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მეტრეველმა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში განვითარებული პროცესები შეაფასა. ის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„მათ შეუძლიათ ერთ ადგილას კონცენტრაცია, გუშინ რაც მოხდა ცესკო-სთან. სწორი იყო, რომ ლიდერებმა თავი აარიდეს ცესკო-სთან შეტაკებას. იქ იყო შეყრილი 800 -900 ჩაფხუტიანი კოსმონავტი. ეს არის მათი ძირითადი ძალა. მათ ეშინოდათ, არ მომხდარიყო ის, რაც სერბეთში გააკეთა თავის დროზე ხალხმა: რომ ხალხი მივიდოდა, გამოიტანდა ამ გაყალბებულ ბიულეტენებს და გადაყრიდა. მილოშევიჩი ასე დაამარცხეს თავის დროზე. ეტყობა, ამას ივანიშვილს ვიღაცა მოუყვა, ამიტომ გაამაგრა ცესკო”, – განაცხადა სააკაშვილმა.

ნიკა მეტრეველის თქმით, სააკაშვილის ეს განცხადება ნათელი დასტურია იმისა, რომ ცესკო-ზე შტურმი იგეგმებოდა.

„სანამ თქვენს კითხვებს ვუპასუხებ, მინდა, მიხეილ სააკაშვილის ვიდეო გაჩვენოთ, რომელიც ახლა გამომიგზავნეს. აქ ნათლად ჩანს მისი რეალური გეგმები და ამოცანები.
პრინციპში, სახეზეა ის, მე რაზეც ვსაუბრობდით, მეც და არაერთი ანალიტიკოსი. სამწუხაროდ, სააკაშვილი და მისი თანამოაზრეები არ ემზადებოდნენ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის. აპრიორი, მათი მზადება იყო სწორედ 1-ელი ნოემბრისა და მომდევნო დღეებისთვის, სადაც ისინი ძალადობრივი მეთოდით ცდილობენ ხელისუფელბის ხელში ჩაგდებას. მისი აღიარება ამის ნათელი დასტურია, რომ იგეგმებოდა შტურმი ცესკო-ზე. ზუსტად გმირი პოლიციელების, სამართალდამცველების ადეკვატური, პროპორციული მოქმედებებიდან გამომდინარე, ეს იქნა აღკვეთილი. მე ხაზგასმით მინდა, ვთქვა, რომ ზოგადად ქართული საზოგადოება არ დაუშვებს არავითარ რევოლუციურ სცენარს, არეულობას. ამას, ბუნებრივია, დაერქმევა თავის სახელი და მოჰყვება შესაბამისი მკაცრი რეაგირება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი რაცაა, ბოლო დღებში მუდმივად გაისმის მუქარისა და ზეწოლის განცხადებები ჩვენს გმირ პოლიციელებსა და მათი ოჯახის წევრებზე. აქ მე ხაზგასმით მინდა, ვთქვა, ამ ადამიანების უკან სახელმწიფო და ქართველი ხალხი დგანან. განყენებულად არაა პოლიცია. მათ გვერდით ვართ ჩვენც, მათთან ერთად ვზრუნავთ, რომ ქვეყანაში არ მოხდეს არეულობა და რაღაცნაირი რევოლუციური სცენარით არ წავიდეს პროცესები“, – განაცხადა მეტრეველმა.

მისივე თქმით, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ქვეყნის ყველა დასავლელმა პარტნიორმა აღიარა.

„ზოგადად, არჩევნებზე, რა თქმა უნდა, იყო ხარვეზები, გამოწვევები. მაგრამ ჩვენი ყველა დასავლელი პარტნიორი ამ არჩევნებს აღიარებს. გვაქვს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა. ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა არჩევნებს მისცეს ძალიან მაღალი შეფასება. თუ ვინმე მეტყვის არაღიარებაზე, არის ბელარუსის მაგალითი, სადაც დემოკრატიულმა სამყარომ იქ ჩატარებული არჩევნები არ აღიარა. საქართველოს შემთხვევაში, ამ არჩევნებს სრული ლეგიტიმაცია აქვს“, – განაცხადა მეტრეველმა.

ცნობისთვის, ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და საპროტესტო აქციებს მართავს. ისინი ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები