“დიალოგი პრობლემა არ არის, თუკი მოლაპარაკების თემა სწორადაა შერჩეული”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ბექა დავითულიანმა “დღის კურიერის” ეთერში ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიალოგის შესაძლებლობაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობით, არჩევნებზე უპირატესობა მმართველმა პარტიამ მოიპოვა.
“დიალოგის წარმოება არ არის პრობლემა, თუ დიალოგის თემა და არსი სწორი იქნება. ხალხი არჩევნებზე მივიდა, მილიონამდე ადამიანმა მისცა ხმა “ქართულ ოცნებას” და არც ოპოზიციისთვის მიუცია ჯამურად ცოტა ადამიანს ხმა. მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობით, მმართველმა პარტიამ მოიპოვა უპირატესობა. ჩვენ ვამბობთ, რომ იქნება მეორე ტური, პარალელურად, დაიწყება საჩივრები და განიხილება. ამ დროს კი ცესკო-სთან ესკალაციის პროცესები მიმდინარეობს. ცესკო-ში შეჭრას ერთადერთი მიზეზი შეიძლება, ჰქონოდა, რომ გაანადგურონ არჩევნების რეალური სურათის მტკიცებულება. სხვა რა მიზანი უნდა ჰქონდეს შეჭრას.
ოპოზიციის სცენარი არის ის, რომ ჯაჯგურით წაიღონ ის, რაც ქართველ ხალხს მათთვის არ მიუნიჭებია. რამდენი ათასი ადამიანიც არ უნდა შეიკრიბოს ქუჩაში, მილიონი ადამიანის ნებას ვერ შეცვლიან. ჩემთვის პარლამენტში და პოლიტიკაში ერთადერთი მისაღები ფორმა ის არის, რომ ქართველი ხალხის არჩევანის პროპორციულები ვიყოთ. არ გვინდა არცერთი ხმით მეტი – მითვისებული და არც ნაკლები არავისი. დღეს თუ პარლამენტი ერთპარტიული იყო, ეს ოპოზიციის პასუხისმგებლობაა”, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.