“არ დავთმოთ, დავდგეთ ერთად და ვიბრძოლოთ ბოლომდე” – ბათუმში ოპოზიციის აქცია 18:00 საათზე განახლდება
დღეს, თბილისის პარალელურად, ოპოზიციური პარტიები ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას ბათუმშიც გეგმავენ. ქალაქში გაშლილია კარვები, სადაც ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებმა ღამე გაათენეს.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ვარშალომიძე მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.
“დღესაც, ისევე როგორც თბილისში, 5-დან 6 საათამდე ჩვენ ვიკრიბებით და ჩვენ დავრჩებით აქ იმიტომ, რომ ყველას მოვუწოდებთ ერთ რამეს – დავდგეთ ერთად. დღევანდელი რეგულაცია, რაც “ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, 7-საათიანი აკრძალვა, ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს უკვე შეუძლია, 24-საათიანი აკრძალვა მოუწიოს თითოეულ მოქალაქეზე. ამიტომ, თითოეულ მოქალაქეს უნდა ვუთხრათ – არ დავთმოთ, დავდგეთ ერთად და ვიბრძოლოთ ბოლომდე”, -განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.