სააკაშვილი: 2012 წელს, “ნაცმოძრაობამ” წააგო არჩევნები და ჩვენ გადავეცით ძალაუფლება, ივანიშვილმა წააგო არჩევნები და არ აპირებს ძალაუფლების გადაცემას

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცესკო-სთან განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ 2012 წლის არჩევნებში დამარცხების შემდეგ “ნაციონალურმა მოძრაობა” ძალაუფლება დათმო, “ქართულ ოცნებას” კი ეს არ სურს, და ძალაუფლების შენარჩუნებას ძალის მეთოდით ცდილობს.

ამის შესახებ სააკაშვილი “ფეისბუკის” პირად გვერდზე განთავსებულ ვიდეოში ამბობს.

“ახლა რასაც ისინი შვრებიან, რომ დაიწყეს ძალადობის გამოყენება და თან ამას ამართლებენ რაღაც ისტორიული პრეცედენტებით. “იმედზე” ატრიალებენ ისტორიულ კადრებს და მინდა ყველას შევახსენო, რომ 7 ნოემბრის შემდეგ, აქციის დაშლის შემდეგ, მე პრეზიდენტის პოსტიდან გადავდექი. ამათ მოაწყვეს 20 ივნისი და გახარია დააწინაურეს.

მინდა, შევახსენო ყველას, ვისაც ისტორია არ ახსოვს, რომ 2012 წელს, მე, სრულიად მშვიდობიანად გადავეცი ძალაუფლება, “ნაციონალურმა მოძრაობამ” წააგო არჩევნები და ჩვენ გადავეცით ძალაუფლება. ივანიშვილმა წააგო არჩევნები და არ აპირებს ძალაუფლების გადაცემას, და აპირებს ეს ძალაუფლება ძალადობით შეინარჩუნოს. ეს მას არ გამოუვა. და რაც უფრო მეტად შეეცდება ამას, მით უფრო ცუდად დაამთავრებს, ძალიან ცუდად დაამთავრებს.

ხელები შორს მშვიდობიანი მომიტინგეებისგან, ხელების შორს ქართული ხალხის ხმებისგან, ხელები შორს საქართველოს მომავლისგან, ნუ ეპოტინებით ბინძური ხელებით. იმიტომ რომ საქართველო არის წმინდათა წმინდა, ჩვენი ხალხის არჩევანი და თავისუფლება არის ყველაზე მაღლაა, თქვენ სიხარბეზე და პოლიტიკურ ამბიციებზე მაღლა. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს. ამას ალტერნატივა არ აქვს, გაიმარჯვებს ძალიან სწრაფად. ამ ბრძოლაში ყველანი ბოლომდე ვართ ერთად. იმ წუთში როდესაც ქართველი ხალხი გადაწყვეტს ჩემი ჩართულობის ფორმას, რა ფორმასაც გადაწყვეტენ ოპოზიციური ლიდერები და ქართველი ხალხი, შევასრულებ ბოლომდე და დავემორჩილები. მე არც ერთი თანამდებობა არ მსურს,მაგრამ ყველას ახლა სიცოცხლეზე მეტად გვსურს საქართველოს გადარჩენა და გამარჯვება, და ასეც იქნება”, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები