ბადრი ჯაფარიძე: თუ ვინმემ ღობე გადალახა, კონკრეტულად ის ადამიანები უნდა დაეკავებინათ და წყლის ჭავლი ყველას მიმართ არ უნდა გამოეყენებინათ
“თუ ვინმემ ღობე გადალახა, კონკრეტულად ის ადამიანები უნდა დაეკავებინათ და ყველას მიმართ წყლის ჭავლი არ უნდა გამოეყენებინათ”,– ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დემონსტრაციები გაგრძელდება ვიდრე ხელისუფლება არ გააცნობიერებს, რომ დაცინვა, მომიტინგეების აბუჩად აგდება არ არის გამოსავალი.
„თუ ვინმემ დაარღვია, საუბარია, თითქოს ღობე გადალახა, კონკრეტულად ის ადამიანები უნდა დაეკავებინათ და არ უნდა გამოეყენებინათ ყველას მიმართ წყლის ჭავლი, ვფიქრობ, ეს იქნებოდა ადეკვატური. რაც შეეხება აქ შეკრებილ ხალხს, ისინი არიან ძალიან მშვიდობიანად განწყობილები. არის შეძახილები, მაგრამ მე არ ველოდები არანაირ გამწვავებას. რამდენადაც ჩვენ ხელისუფლებისგან მივიღეთ პასუხი, რომ იქ იყო მხოლოდ ექვსი ათასი ადამიანი შეკრებილი, ეს არის უაზრო მოთხოვნები ოპოზიციის მხრიდან და დაცინვა პრაქტიკულად. ვფიქრობ, ეს გამოიწვევს მუხტის გაზრდას და დემონსტრაციები გაგრძელდება ვიდრე ხელისუფლება არ გააცნობიერებს, რომ დაცინვა და აბუჩად აგდება მომიტინგეების არ არის გამოსავალი, პირიქით ამწვავებს ვითარებას“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, ცესკო-სთან ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები არიან შეკრებილები, ისინი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ცოტა ხნის წინ, ცესკო-ს შენობასთან შეკრებილი ხალხის წინააღმდეგ სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი მას შემდეგ გამოიყენეს, რაც ხალხმა პოლიციის მიერ შემოსაზღვრული ტერიტორიის გარღვევა სცადა.