მამუკა მდინარაძე: 19 უბნის გადათვლის შედეგად, არანაირი გაყალბების კვალი და მნიშვნელოვანი დარღვევა არ დაფიქსირებულა

19 უბნის გადათვლის შედეგად, არანაირი გაყალბების კვალი და მნიშვნელოვანი დარღვევა, მით უმეტეს რასაც შეიძლებოდა უპირატესობა მიენიჭებინა მმართველი პარტიისთვის, არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით,„ქართულ ოცნებას“ ამ არჩევნებში ჰქონდა აშკარა უპირატესობა და კანონიერი პროცედურების დაცვით შედგენილი, დასაბუთებული რამდენიმე ასეული საჩივრიდან, უმეტესობა ერთსა და იმავე ფაქტს ეხებოდა, უბრალოდ სხვადასხვა ორგანიზაციის მხრიდან იყო შეტანილი.

„გვსურს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტოთ და დავანახოთ რეალური სურათი, რომელიც არჩევნების ორგანიზებას უკავშირდება. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომ გამართულად და დემოკრატიულად ჩატარდა, ეს მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა. წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს, დარღვევებთან დაკავშირებით შემოვიდა მინიმალური რაოდენობის საჩივრები. საჩივრები კამპანიურად, მასობრივად იქნა შეტანილი ცესკო-ში მხოლოდ მას შემდეგ, რაც არჩევნების პირველადი შედეგებით ცხადი გახდა, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ არჩევნებში ჰქონდა აშკარა უპირატესობა. კანონიერი პროცედურების დაცვით შედგენილი, დასაბუთებული რამდენიმე ასეული საჩივრიდან, უმეტესობა ერთსა და იმავე ფაქტს ეხებოდა, უბრალოდ სხვადასხვა ორგანიზაციის მხრიდან იყო შეტანილი. ამ საჩივრებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლინდა 100-მდე პრობლემური უბანი, რის დაზუსტება და გარკვევაც ვერ მოხდა ოქმებით. ამასთან დაკავშირებით, ცესკო-მ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და დღეის მდგომარეობით 19 ასეთი უბანი ხელახლა იქნა გადათვლილი.

გადათვლის შედეგად, რომელსაც ყველა ეს არასამთავრობო ორგანიზაცია და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, არანაირი გაყალბების კვალი და მნიშვნელოვანი დარღვევა, მით უმეტეს რასაც შეიძლებოდა უპირატესობა მიენიჭებინა მმართველი პარტიისთვის, არ დაფიქსირებულა. მეტიც, რაც არ უნდა ირონიულად ჟღერდეს და პარადოქსული იყოს ვიღაცის წარმოდგენაში, გადათვლის შედეგად, მცირედით გაუმჯობესდა კიდეც მმართველი პარტიის შედეგები. მე შემიძლია გითხრათ, რომ მაგალითად ბათუმში იყო უბანი, სადაც მმართველ პარტიას ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ ხმები დაკლებული, თუ არ ვცდები 13 ხმაზეა საუბარი.

ამ ყველაფერს ესწრებოდნენ და ეთანხმებოდნენ პრაქტიკულად, იმიტომ რომ პრეტენზიები შიგნით, გადათვლის დროს არ განუცხადებიათ, ოპოზიციის და იმ პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც პარალელურად საოლქო კომისიების შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე მიტინგს და დესტრუქციას აწყობდნენ. შესაბამისად, კიდევ ერთხელ, ფაქტებით დადასტურდა, რომ არავითარ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია და უმრავლეს შემთხვევაში, მხოლოდ ტექნიკური ტიპის ხარვეზებთან გვქონდა საქმე“, – განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ სიყალბის დამტკიცებას ისევ სიყალბით ცდილობს.

„ამ პროცესში, ყველაზე მთავარი ის არის, რომ რადიკალური ოპოზიცია სიყალბის დასამტკიცებლად სიყალბეს იყენებს და სიყალბით ცდილობს მოგონილი სიყალბის დამტკიცებას. ამისთვის, მიტინგების პარალელურად, „ნაციონალურ მოძრაობას“ ფეისბუქზე შექმნილი აქვს გვერდი – „გაყალბებული ოქმები“, სადაც მოქალაქეები სიყალბის გაბათილებას და არგუმენტებით კამათს ცდილობენ, თუმცა მსგავსი კომენტარები მაშინვე იშლება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მათი ამოცანა მხოლოდ და მხოლოდ სიცრუის გავრცელება და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანაა.

აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი არ არის საზოგადოებისთვის რეალური სურათის ჩვენება, სიმართლის დადგენა და არჩევნების ობიექტური შედეგის მიღება, არამედ მათი მიზანია, რომ არჩევნები გამოიყენონ საბაბად და შეცდომაში შეიყვანონ მოსახლეობა, თითქოს, რაიმე გაყალბებას ჰქონდა ადგილი და ამის საფუძველზე თავიანთი აზრით, რევოლუციური სცენარის განვითრებისთვის ქმნიან, რაც არ გამოუვათ.

გვსურს, მადლობა გადავუხადოთ თითოეულ პოლიციელს, რომლებიც ხმების დათვლის პარალელურად მართლწესრიგს იცავდნენ და რადიკალური ძალების დესტრუქციული ქმედებები კანონით დადგენილი ნორმებით, მოთმინებითა და მაქსიმალური პროფესიონალიზმით აღკვეთეს. გესმით ალბათ, რომ ძალიან რთულია, მით უმეტეს პანდემიის პირობებში, როდესაც ყოველგვარი რეგულაციის დაცვის გარეშე, პირბადეების გარეშე მათ ესაუბრებიან , პრაქტიკულად ძალადობენ და ძალადობის და შეურაცხყოფის ზღვარზე გადიან, ამ დროს პოლიციელს უწევს განსაკუთრებული თმენის ვალდებულების გამოჩენა და მართლწესრიგის დაცვა ასეთ რთულ პირობებში, რისთვისაც ბუნებრივია, თითოეულ მათგანს ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ“,- განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები