დიმიტრი ხუნდაძე: ოპოზიცია ქვეყანას როგორც რეპუტაციულ, ისე ეპიდემიოლოგიურ დარტყმას აყენებს
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ მაშინ, როდესაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და ეპიდემიოლოგთა უმრავლესობა მოსახლეობას ფიზიკური დისტანციის დაცვისა და პირბადის ტარებისკენ მოუწოდებენ, უპასუხისმგებლო ოპოზიცია საზოგადოების ქუჩაში გამოყვანითა და მიტინგების ორგანიზებით არის დაკავებული.
„მსოფლიოში ეპიდვითარება დღითიდღე მძიმდება. მდგომარეობა უარესდება საქართველოშიც. ოპოზიცია კი, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ საზოგადოებასა და ქვეყანას გვერდში დაუდგეს, ცდილობს, უკიდურესად დაამძიმოს მდგომარეობა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ეპიდემიოლოგთა აბსოლუტური უმრავლესობა, მთლიანად სამეცნიერო საზოგადოება მოსახლეობას მოუწოდებს, გაიკეთონ პირბადე და დაიცვან ფიზიკური დისტანცია, რომ თავი აარიდონ ვირუსისგან დასნებოვნებას. ოპოზიცია კი საზოგადოების ქუჩაში გამოყვანითა და მიტინგების ორგანიზებით არის დაკავებული.
ნებისმიერ შეკრებას, მით უმეტეს, მრავალრიცხოვანს თავი ნეგატიური ასახვა აუცილებლად ექნება, ეს კი უკიდურესად დიდ რისკებს შეიცავს. ჯანდაცვის სექტორი უკვე დაძაბულია, მატულობს კლინიკების დატვირთვა, შეინიშნება მედპერსონალის დეფიციტი. საკოორდინაციო საბჭო, პრემიერის ხელმძღვანელობით, ყოველ წუთიერი მუშაობით ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები ზიანითა და დანაკარგით გაართვას თავი ამ კრიზისს. შემდგომ დღეებში მოსალოდნელია ინფიცირებულთა რიცხვის მნიშვნელოვანი მატება. ჩვენ შევდივართ „ტურბულენტურ” ზონაში, რაც კიდევ უფრო მეტ სიფრთხილეს მოითხოვს.
დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამედიცინო საზოგადოების მობილიზაცია კლინიკების დასახმარებლად და არა ქუჩაში ხალხის შეკრება. იმის მაგივრად, რომ ყველა ერთად დავდგეთ, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ქვეყნის გეგმაზომიერი ნგრევით არიან დაკავებულნი. თუმცა, მმართველი გუნდი, პარლამენტის ახალი შემადგენლობა, რომელსაც ამომრჩეველმა კიდევ ერთხელ ანდო საკუთარი თავი და ქვეყანა, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს ბრძოლა საზოგადოების სასარგებლოდ დასრულდეს. „ვირუსები” კი საკადრისს აუცილებლად მიიღებენ”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.