საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაცია: გვყავს ოპოზიციურად განწყობილი პარტიები, რომლებსაც აქვთ მოჩვენებითი მრავალფეროვნება

საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაცია საქართველოში ჩატარებულ არჩევნებსა და მიმდინარე მოვლენებს განცხადებით ეხმაურება.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებსა და მიმდინარე პროცესებს. ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, ჩვენს შეშფოთებასა და სინანულს იწვევს, გვყავს ოპოზიციურად განწყობილი პარტიები, რომლებსაც აქვთ მოჩვენებითი მრავალფეროვნება, მიმდინარე მოვლენებმა კი გვაჩვენა, რომ ისინი რეალურად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, საქართველოს მოქალაქეობაზე საკუთარი ნებით უარის მთქმელი სააკაშვილის ხელის ბიჭები/ხელქვეითები არიან. არ გვსურს ამ სიტყვის თქმა, მაგრამ ქუჩაში ვხედავთ ადამიანებს, რომელთა დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, კომპეტენციის ნაკლებობას განიცდის და არ აქვს უნარი, ობიექტურად განსაჯოს არჩევნებთან დაკავშირებული მოვლენები, მათ არცოდნასა და „ყვირილს ყვირილისთვის” უამრავი ადამიანი შეცდომაში შეჰყავს.

იარაღის უამრავი სახეობა არსებობს მაგრამ ყველაზე საშიში იარაღი ადამიანია ადამიანის ხელში, რომელიც ისე ხდება სათამაშო სხვის ხელში, რომ თავი მთავარი როლის შემსრულებელი ჰგონია. დღეს ქუჩაში სწორედ მსგავს ადამიანებს ვხედავთ – ადამიანებს, რომლებსაც იყენებენ და მავანთა ხელში სათამაშოს როლს ასრულებენ,….

მოვუწოდებ ე.წ. ოპოზიციასა და მათ მხარდამჭერებს, ნებსით თუ უნებლიეთ ნუ გახდებიან იარაღი სხვის ხელში, კარგად გაითავისონ საკუთარი პასუხიმგებლობა როგორც მოქალაქეების, ასევე, სახელმწიფოს წინაშე, ოპოზიცია არ ნიშნავს ქვეყნის წინააღმდეგ წასვლასა და მტრის წისქვილზე წყლის დასხმას.

ცალსახა ფაქტია, არჩევნებმა ძირეული დარღვევების გარეშე ჩაიარა, რომელიც აკმაყოფილებდა საერთაშორისო, აღიარებულ სტანდარტებს, რა თქმა უნდა, იყო მცირე ფრაგმენტული დარღვევები, რომელსაც არჩევნებზე ძირეული გავლენა არ მოუხდენია.

ოპოზიციას კიდევ ერთხელ მივმართავ და მოვუწოდებ, იმოქმედეთ რაციონალურად და კანონის ფარგლებში. გამოხატეთ პროტესტი, მაგრამ ისე, როგორც ეს ცივილურ, დემოკრატიულ ქვეყნებში არის მიღებული. ოპოზიციის ქცევამ ტრამპის ყოფილი მრჩევლის,  სებასტიან გორკას სიტყვები გამახსენა: „უდიდესი ბანანის რესპუბლიკა გავხდით?” თქვენი ქცევა ნამდვილად ბანანის რესპუბლიკის ოპოზიციის ქცევას მაგონებს”, –  აღნიშნულია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები