ამირან გამყრელიძე: თუ გვაქვს კოვიდი, პანიკას არ უნდა მივეცეთ, ინფექციის გავრცელების ჯაჭვი რომ გაწყდეს, ინფიცირებული და მასთან კონტაქტში მყოფები დაუყოვნებლივ უნდა გადავიდნენ თვითიზოლაციაში

“ახლა თანდათან ხდება სხვადასხვა რესპირაციული ინფექციისა და კოვიდის ზედდება, ჯერჯერობით, გრიპის ვირუსი არ გამოჩენილა ცირკულაციაში, მაგრამ ცირკულირებენ სხვა რესპირაციული ვირუსები”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ინფექციის გავრცელების ჯაჭვის გასაწყვეტად აუცილებელია, რომ კოვიდინფიცირებული ადამიანი და მასთან კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში დაუყოვნებლივ გადავიდნენ.

„შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს ნოემბერში. ახლა თანდათან ხდება სხვადასხვა რესპირაციული ინფექციისა და კოვიდის ზედდება, ჯერჯერობით, გრიპის ვირუსი არ გამოჩენილა, მაგრამ ცირკულირებენ სხვა რესპირაციული ვირუსები. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია სიმპტომების დაწყების შემთხვევაში ექიმთან კონსულტაცია და შემდგომ შესაბამისი ლაბორატორიული გამოკვლევები, რომ დადასტურდეს, გვაქვს თუ არა კოვიდი. თუ გვაქვს კოვიდი, პანიკას არ უნდა მივეცეთ, კოვიდინფიცირებული პიროვნება დაუყოვნებლივ უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში, დარეკოს “112”-ზე ან დაუკავშირდეს თავის ოჯახის ექიმს და შემდგომი ნაბიჯები გადადგას მათი კონსულტაციით. თუ ოჯახის წევრი არის კოვიდინფიცირებულის ახლო კონტაქტი, რომელსაც პირბადით დაუცველი კონტაქტი ჰქონდა, აუცილებელია, ისინიც ყოველგვარი ტესტირების გარეშე გადავიდნენ თვითიზოლაციაში, მიმართონ ოჯახის ექიმს ან “112”-ს და შემდგომი ნაბიჯები გადადგან მათი რეკომენდაციებით. ინფექციის გავრცელების ჯაჭვი რომ გაწყდეს, აუცილებელია,  ინფიცირებული ადამიანი და მასთან კონტაქტში მყოფი პირები დაუყოვნებლივ იყვნენ გადასული თვითიზოლაციაში. დღეს პირბადე გახლავთ ყველაზე უფრო მძლავრი დაცვის იარაღი კორონავირუსულ პანდემიასთან ბრძოლაში. პირბადეზე უკეთესი ამ ერთი წლის განმავლობაში, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, არაფერია. ჯერჯერობით, არ გვაქვს ვაქცინა, ასევე, არ გვაქვს პირდაპირი მოქმედების წამალი. ამიტომ, ყველაზე მძლავრი პრევენციული ღონისძიება და დაცვის საშუალება გახლავთ პირბადე, დისტანციის დაცვა, ხელების ხშირი დაბანა და დიდი თავშეყრებზე თავის არიდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები