მაია ცქიტიშვილი: 1500-მდე საარჩევნო უბანი იყო მოწყობილი ჩვენს სკოლებში და აქედან გამომდინარე, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გადავიყვანეთ ეს სკოლები დისტანციურ რეჟიმში
1500-მდე საარჩევნო უბანი იყო მოწყობილი ჩვენს სკოლებში და აქედან გამომდინარე, ჩვენ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გადავიყვანეთ ეს სკოლები დისტანციურ რეჟიმში, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მაია ცქიტიშვილმა როგორც აღნიშნა, თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში სწავლის დისტანციური რეჟიმი შენარჩუნდება.
„გარდა ამისა სასწავლო პროცესის ნაწილში იცით ასევე, რომ 1500-მდე საარჩევნო უბანი იყო მოწყობილი ჩვენს სკოლებში და აქედან გამომდინარე, ჩვენ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გადავიყვანეთ ეს სკოლები დისტანციურ რეჟიმში და ასევე, მოგეხსენებათ, რომ კიდევ სჭირდებოდათ რამდენიმე დღე არჩევნების ჩატარების შემდეგ, რათა იქ განახლებულიყო სწავლა. იმის გათვალისწინებით, რომ ასევე, ბევრ დასახლებაში ჩვენ კვლავ გვიწევს მეორე ტურების გამოყენება და აქედან გამომდინარე ასეულობით სკოლა იქნება ასევე, გამოყენებული, როგორც საარჩევნო უბანი – აქედან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ მნიშვნელოვანია ასევე დიდ ქალაქებში მობილობის შემცირება ჩვენ დღეს საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სწავლის დისტანციური რეჟიმი შენარჩუნდეს თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულში და გარდაბანში. ასევე, შეგახსენებთ, რომ აჭარაში სწავლა მიმდინარეობს დისტანციურ რეჟიმში. ჩვენ ვაგრძელებთ სწავლას დისტანციურ რეჟიმში უფროს კლასებში და რა თქმა უნდა უმაღლესი დაწესებულებები და პროფესიული სასწავლებლები ასევე აგრძელებენ იმ რეჟიმში რა რეჟიმითაც ისინი ფუნქციონირებენ დღემდე”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.