სერგი კაპანაძე: საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოქვეყნებულ არცერთ დასკვნაში არ არის აღნიშნული, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფლად და სამართლიანად
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოქვეყნებულ არცერთ დასკვნაში არ არის აღნიშნული, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა სამართლიანად.
„ჩვენ ვნახეთ რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული შეფასება ამ არჩევნებთან მიმართებით. ჩვენ ვნახეთ ასევე ISFED-ის პარალელური დათვლა, რომელიც ამბობს, რომ არის 4%-იანი აცდენა გამოქვეყნებულ და რეალურ შედეგებს შორის. ვიხილეთ ომბუდსმენის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ეს აცდენა არის სერიოზული გავლენის მომხდენი საბოლოო შედეგებზე და, რაც მთავარია, ჩვენ არ გვინახავს არცერთი დასკვნა, სადაც საუბარია იმაზე, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფლად და სამართლიანად. ეს არის მთავარი კრიტერიუმი და მთავარი შეფასება, რომელიც, კარგი არჩევნების შემთხვევაში, გვესმის ხოლმე საერთაშორისო დამკვირვებლებისგან. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შეფასება ამ არჩევნებს არცერთი საერთაშორისო დამკვირვებლისგან არ მიუღია. მეტიც, გუშინ, ეუთო/ოდირის წარმომადგენლებმა პირდაპირ გვითხრეს, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა-არალეგიტიმურობის საკითხს წყვეტს ხალხი და არა – სადამკვირვებლო მისია. მით უმეტეს, ის სადამკვირვებლო მისია, რომელიც არასრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი“, – განაცხადა კაპანაძემ.