“რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა გამოხატეს უპატივცემულობა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საარჩევნო ყუთებთან მივიდნენ”
“ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრის, გივი მიქანაძის განმარტებით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამომრჩევლების მიმართ უპატივცემულობა გამოხატეს.
“მთავარი ამ განცხადებით, რაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააკეთეს, არის ის, რომ, პირველ ყოვლისა, გამოხატეს უპატივცემულობა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საარჩევნო ყუთებთან მივიდნენ და უშუალოდ მათ დაუჭირეს მხარი”, – ამის შესახებ მიქანაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„რაც შეეხება სამართლებრივ კუთხეს, კონსტიტუციის შესაბამისი მუხლი, ამბობს, რომ პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა შესაძლებელია 2/3-ით, თუკი ეს რაოდენობა არჩეულია, მაგრამ ამის შესახებ უფლებამოსილება უნდა ცნოს არანაკლებ პარლამენტის შემადგენლობის ნახევარზე მეტმა. ანუ საუბარია 76 ადამიანზე. იმ მონაცემებით რაც ჩვენ დღეს გვაქვს და იმ მონაცემებით, რაც არჩევნების მეორე ტურთანაა დაკავშირებული, ჩვენ სამართლებრივად არანაირი პრობლემა არ გვექნება“, – განაცხადა მიქანაძემ.