ნინო ბურჯანაძე: ჩვენი მეგობრების რეკომენდაციები ყურადსაღებია, მაგრამ სავალდებულო არ არის

რამდენი პარტიაც უნდა შევიდეს ამ პარლამენტში, ეს პარლამენტი ლეგიტიმური ვერ იქნება, – ამის შესახებ „ეროვნული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ არჩევნებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, პოლიტიკოსების დიდი ნაწილი მზად არის, რომ საერთოდ უარი განაცხადოს მანდატებზე იმ ვითარებაში რა ვითარებაც არის.

„ეს არის მოწოდება, რომ ევროპა ელოდება, პარლამენტი შეუდგეს მუშაობას, მაგრამ აქ არ არის არც ერთი რეკომენდაცია და არც ერთი კრიტიკული დასკვნა, რომელიც აუცილებლად იქნება ეუთო/ოდირის დასკვნაში, ეს შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ. უბნები ჯერ დათვლილი არ არის და ცესკო-ს არ აქვს გამოცხადებული შემაჯამებელი ოქმი და რა პარლამენტის შეკრებაზეა საუბარი, როდესაც აქ შეკრებილი ადამიანების უმრავლესობა მზად არის, რომ საერთოდ უარი განაცხადოს მანდატებზე იმ ვითარებაში რა ვითარებაც არის. რამდენი პარტიაც არ უნდა შევიდეს ამ პარლამენტში, ეს პარლამენტი ლეგიტიმური ვერ იქნება და ამის შედეგებს საქართველოს მოსახლეობა ძალიან მალე დაანახებს ძალიან ბევრს. ჩვენი მეგობრების რეკომენდაციები ყურადსაღებია, მაგრამ სავალდებულო არ არის. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფოს დამოუკიდებელი პოლიტიკოსები და ბოდიშს ვიხდი, მაგრამ 2003 წელს ჩვენი მეგობრების რეკომენდაცია იყო, რომ შევარდნაძისთვის თავი დაგვენებებინა, მაგრამ არ დაგვინებებია, რადგან ქართველი ხალხის ნება იყო სხვა. ასე, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ ყურად უნდა ვიღოთ ნებისმიერი ის მოსაზრება, რომელიც ჩვენი მეგობრებისგან მოდის, მაგრამ ეს არ არის არც საბჭოთა კავშირი და არც საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია, რომ აუცილებლად, ნებისმიერი რეკომენდაცია მათგან იყოს სავალდებულო სახის“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები