თამარ ჟვანია: ხმის მიცემის თავისუფლად განხორციელება კანონით არის უზრუნველყოფილი და არავის აქვს უფლება, შეაფერხოს ამომრჩევლის გადაადგილება საარჩევნო უბნის შესასვლელებთან
ხმის მიცემის თავისუფლად განხორციელება კანონით არის უზრუნველყოფილი და არავის აქვს უფლება, შეაფერხოს ამომრჩევლის გადაადგილება საარჩევნო უბნის შესასვლელებთან, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მან ამომრჩევლებსა და საარჩევნო უბანზე მყოფ უფლებამოსილ პირებს მოუწოდა, მოერიდონ საარჩევნო უბანზე სააგიტაციო ატრიბუტიკით მისვლას.
„მინდა შეგახსენოთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს აგიტაცია იკრძალება კენჭისყრის შენობაში. მოვუწოდებთ როგორც ამომრჩევლებს, ისე საარჩევნო უბანზე მყოფ უფლებამოსილ პირებს, მოერიდონ პოლიტიკური სუბიექტების სარეკლამო/სააგიტაციო ატრიბუტიკით გამოცხადებას უბანზე. აქვე მინდა ხაზგასმით აღნიშნო, რომ ხმის მიცემის თავისუფლად განხორციელება კანონით არის უზრუნველყოფილი და არავის აქვს უფლება, შეაფერხოს ამომრჩევლის გადაადგილება საარჩევნო უბნის შესასვლელებთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ყველას გვახსოვდეს, რომ ხმის მიცემა ფარულია და არავის აქვს უფლება, აკონტროლოს ან გაამჟღავნოს ყველას არჩევანი.
კენჭისყრამდე რვა საათის განმავლობაში და კენჭისრყის დღის 20:00 საათამდე აკრძალულია ტელევიზიისა და რადიოს ეთერში ფასიანი ან და უფასო რეკლამის, საარჩევნო სუბიექტების პროგრამის განთავსება და გადაცემა.
ასევე, აკრძალულია საარჩევნო მიზნებისთვის ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა. 31 ოქტომბრის 20:00 საათამდე აკრძალულია არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება“, – განაცხადა ჟვანიამ.
მისივე თქმით, 20:00 საათზე კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ, დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები.
„მას შემდეგ რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი შესაბამისი საოლქო-საარჩევნო კომისიების მიერ უმოკლეს ვადაში მიეწოდება ცესკო-ს და მიღებისთანავე, ეტაპობრივად აიტვირთება შესაბამის ვებგვერდზე results.cc.gov.ge. ამასთან, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება, ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკო-ში ინტერნეტ-ტრანსლირების საშუალებით.
31 ოქტომბერს დილის 07:00 საათიდან 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრი 2 51 00 51 და ონლაინჩათი. ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებს, საშუალება ექნება, ინფორმაცია მიიღონ ვიდოზარის მეშვეობით. ასევე, მუდმივ რეჟიმში იმუშვებს მედიაცენტრი, სადაც მედიას და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს საშუალება ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.
ცესკო-ს თავმჯდომარემ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მოუწოდა, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საარჩევნო პროცესს, იმოქმედონ კანონმდებლობისა და ეთიკური ნომრების პატივისცემით და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას.
ამასთან, ჟვანიამ ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.