პრემიერი: ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, 31 ოქტომბერს აზერბაიჯანსა და საბერძნეთში საარჩევნო უბნები არ გაიხსნება
საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის აზერბაიჯანსა და საბერძნეთში საარჩევნო უბნები არ გაიხსნება.
“მოგეხსენებათ, ეპიდემია არის გლობალური. ჩვენ არ შეგვიძლია, თუნდაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, მათი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან მიღებული გადაწყვეტილებები დავუყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ. როგორც ვიცი, აზერბაიჯანში ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია, იქ უბრალოდ ვერ ტარდება არჩევნები, ასევე, საბერძნეთშიც. ესპანეთზე არ ვიცი არაფერი. ეს არის ჩვენთვის უაღრესად სამწუხარო ფაქტი, რამეთუ დარწმუნებული ვარ, რომ როგორც აზერბაიჯანში, ასევე, საბერძნეთსა და ესპანეთშიც „ქართული ოცნება“ მიაღწევს გამარჯვებას. ჩვენ მაქსიმალური გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს კონსტიტუციური უფლება აღსრულებულიყო, მაგრამ ესენი არიან სუვერენული სახელმწიფოები, რომელ სუვერენულ ტერიტორიაზეც საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ან სურვილი, სამწუხაროდ, არ მოქმედებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.