არჩილ თალაკვაძე: ემიგრაციაში მყოფი თანამემამულეების მხარდაჭერა და მონაწილეობა მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში

ემიგრაციაში მყოფი თანამემამულეების მხარდაჭერა და მონაწილეობა მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ბექა ოდიშარიასთან და პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პროპორციული სიის წევრთან, გიორგი ამილახვართან ერთად ისრაელში, საბერძნეთში, უკრაინაში, მოლდოვასა და ბელარუსში მცხოვრებ თანამემამულეებთან შეხვედრაზე განაცხადა.

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ლიდერებმა ონლაინფორმატში შეხვედრისას საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტებზე, კოვიდ19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის მართვაზე და დიასპორის მხარდამჭერ პროექტებზე ისაუბრეს. მოისმინეს ინფორმაცია ემიგრაციაში მყოფი ქართველების საქმიანობასა და საჭიროებებზე.

“ემიგრაციაში მყოფი თანამემამულეების მხარდაჭერა და მონაწილეობა მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩვენი ქვეყნის მომავალს უკავშირდება და ყველა ჩვენს თანამოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს საქართველოს წარმატებაში. ამ წლების განმავლობაში საზოგადოების მხარდაჭერით, ჩვენ შევძელით მოცულობითი სამუშაოს შესრულება მშვიდობის განმტკიცების, ადამიანის უფლებების დაცვის, ჯანდაცვის რეფორმის და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. საქართველოს აქვს ხელშესახები წარმატებები საგარეო პოლიტიკაში ევროკავშირთან, ნატო-სთან და ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან თანამშრომლობის მხრივ. ჩვენ მომავალზე ვართ ორიენტირებული, გვაქვს გეგმა და გვყავს გამოცდილი გუნდი, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს ქვეყნის შემდგომი განვითარება”, – განაცხადა დიასპორასთან შეხვედრისას პარლამენტის თავმჯდომარემ.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები