ნათია თურნავა: ყველა ობიექტური კვლევა და ასევე, მოსახლეობის განწყობა ასახავს, რომ „ქართული ოცნება” დამაჯერებლად იმარჯვებს არჩევნებში

„ჩვენ დარწმუნებულები ვართ და ამას ყველა ობიექტური კვლევა და ასევე, მოსახლეობის განწყობა ასახავს, რომ „ქართული ოცნება” დამაჯერებლად იმარჯვებს არჩევნების პირველივე ტურში და მოიპოვებს უმრავლესობას – ჩვენ ამაში აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ,” – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებული წინასაარჩევნო კვლევების შეფასებას ეხებოდა.

ნათია თურნავას თქმით, არჩევნებში გამარჯვების რწმენის საფუძველს ხელისუფლებას არამხოლოდ კვლევები აძლევს, არამედ ყოველდღიური შეხვედრები მოსახლეობასთან.

„მე და ჩემი კოლეგები, პრემიერ-მინისტრი, ჩვენი გუნდის სხვა წევრები მუდმივად ვართ რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებზე და ვხედავთ, რომ მოსახლეობა ხედავს გაკეთებულ საქმეებს, ხედავს, თუ ვინ არის პასუხისმგებლიანი ძალა და დარწმუნებულები ვართ, რომ კვლავაც მოგვანიჭებს ნდომის მანდატს”, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

რაც შეეხება ოპოზიციის განწყობებს, ნათია თურნავას შეფასებით, ეს სწორედ იმის გამოხატულებაა, რომ ოპოზიცია განწირულია წაგებისთვის.

„მათ პრაქტიკულად, სხვა არაფერი რჩებათ, გარდა იმისა, რომ იფიქრონ ძალადობრივ სცენარებზე, რაც დამახასიათებელია რადიკალური ოპოზიციისთვის და აქედან გამომდინარე, არის ეს მზადება. რა თქმა უნდა, ეს იქნება აღკვეთილი ჩვენი მხრიდან. ყოვლად მიუღებელია, მოსახლეობას არ სჭირდება რევოლუციები!” – განაცხადა მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები