,,არჩევნების მოახლოებასთან ერთად, გახშირდა ზოგიერთი დაინტერესებული პირის მიერ ცრუ ინფორმაციის გავრცელება” – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ცრუ ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, გახშირდა ზოგიერთი დაინტერესებული პირის მიერ ცრუ ინფორმაციის გავრცელება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზებზე, რომელზე დაყრდნობითაც ცესკო ამომრჩეველთა ერთიან სიას აკომპლექტებს.
“მიგვაჩნია, რომ აღნიშნულის მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და იუსტიციის სამინისტროს მიერ მონაცემთა ერთიანი ბაზის დახვეწის კუთხით 2013 წლიდან ჩატარებული მასშტაბური სამუშაოების დაკნინებაა.
წინასაარჩევნო პერიოდში ყველაზე მეტი დეზინფორმაცია მისამართზე რეგისტრაციის საკითხზე ვრცელდება – თითქოსდა საარჩევნოდ, მისამართებზე ხორციელდება უცხო პირების უკანონო რეგისტრაცია, რაც სხვადასხვა მედიასაშუალებისა თუ დაინტერესებული პირის მტკიცებით, ერთი და იმავე ადამიანს ხმის რამდენჯერმე მიცემის შესაძლებლობას აძლევს.
სააგენტო განმარტავს, რომ არამხოლოდ კანონითაა აკრძალული ერთი პირის ორ მისამართზე რეგისტრაცია, არამედ სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით ეს პრაქტიკაშიც შეუძლებელია და შესაბამისად ტყუილია იმის მტკიცება, რომ ერთი ადამიანი შეიძლება ორ მისამართზე იყოს რეგისტრირებული.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ერთი ადამიანი მხოლოდ ერთ მისამართზე შეიძლება იყოს რეგისტრირებული. აღნიშნული გარანტირებულია არა მხოლოდ კანონით, არამედ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის ბაზის პროგრამული უზრუნველყოფითაც. კერძოდ, პროგრამა რეგისტრაციის მისამართის შეცვლის შესახებ ბრძანების მიღებისას, ავტომატურად ძალადაკარგულად აფიქსირებს რეგისტრაციის ძველ მისამართს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირს გააჩნია რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ის რეგისტრირდება მხოლოდ ერთი-ერთი საცხოვრებელი ადგილის მისამართზე. შესაბამისად, სრულად დაცულია პრინციპი, რომლის თანახმადაც ერთი მოქალაქე მხოლოდ ერთ მისამართზეა რეგისტრირებული.
რაც შეეხება ერთი მისამართიდან სხვა მისამართზე გადარეგისტრირების პროცედურას – აღნიშნული პროცედურა გართულებულია სწორედ იმის გამო, რომ საარჩევნო პროცესში ჩართულ და დაინტერესებულ პირებს, მომხრეების ერთი მისამართიდან სხვა მისამართზე გადარეგისტრირებით, საარჩევნო მანიპულაციების და სპეკულაციების საშუალება არ მისცემოდათ.
მისამართზე რეგისტრაციის წესის კიდევ უფრო დახვეწის, პროცესის ზუსტად და ობიექტურად წარმართვის მიზნით, იუსტიციის სამინისტრომ კომპლექსური ღონისძიებები გაატარა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ორჯერ – 2015 წლის 11 აგვისტოს და 2020 წლის 16 ივლისს – შევიდა ცვლილებები.
კერძოდ, 2015 წელს განხორციელებული ცვლილებების შედეგად:
· რეგისტრაცია შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმ საცხოვრისის მისამართზე, რომლის მესაკუთრეც იდენტიფიცირებულია (სახელმწიფო, იურიდიული თუ ფიზიკური პირი).
· ორი ფიზიკური პირის დადასტურებით მისამართზე რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირები დაადასტურებენ, რომ დასარეგისტრირებელი პირი უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში ნამდვილად ცხოვრობდა მის მიერ მითითებულ მისამართზე.
· სავალდებულო გახდა ფიზიკური პირების მიერ ცრუ ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით შესაძლო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილების ტექსტის ხელით გადაწერა, რათა პირმა ნათლად გააცნობიეროს გაფრთხილების შინაარსი.
2020 წლის 16 ივლისს განხორციელებული ცვლილების თანახმად:
· დაზუსტდა საცხოვრებელი ადგილისა და მისამართის ცნება, რომელზეც შესაძლებელია განხორციელდეს პირის რეგისტრაცია.
· დადგინდა მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის სტანდარტი საცხოვრებელი ადგილის ფართობის შესაბამისად და განისაზღვრა, რომ მისამართზე დასარეგისტრირებელი თითოეული პირისათვის განკუთვნილი საცხოვრებელი ფართობი არ შეიძლება იყოს 5 კვ.მ-ზე ნაკლები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დასარეგისტრირებელი პირი მესაკუთრის ოჯახის წევრია.
გარდა ამისა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული სამსახურები, რეგისტრაციის საქმისწარმოების ფარგლებში, დამატებით იკვლევენ საცხოვრებელ მისამართთან დაკავშირებულ სხვადასხვა დოკუმენტაციას. ასევე, საჭიროების შემთხვევაში ათვალიერებენ საცხოვრებელ ადგილს, რათა გამოირიცხოს პირის მიერ ისეთ მისამართზე რეგისტრაცია, რომელიც არ წარმოადგენს მის რეალურ საცხოვრებელ ადგილს. აღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, დღეის მდგომარეობით, თბილისის მასშტაბით 3 000-მდე საცხოვრებელი ადგილის დათვალიერება განხორციელდა,”- ნათქვამია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადებაში.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან.