გიორგი ვოლსკი: საზოგადოება არის მობილიზებული იმისთვის, რათა არ დაუშვას ის, რასაც გვიქადის ჩვენი ოპონენტების გარკვეული ნაწილი

„ყველას, ვინც აქ ვსხედვართ, გვაერთიანებს ერთი ძალიან საინტერესო თვისება, რომლითაც სამწუხაროდ ყველა არ არის დაჯილდოვებული – ეს არის სათნოება, ეს არის დამოკიდებულება ქვეყნისადმი, ეს არის პატრიოტიზმი, ეს არის თავდადება და ეს არის სრული გაცნობიერება იმისა, თუ რას გვიქადის მომავალი, თუ ჩვენ გზა დავუთმეთ დესტრუქციულ ძალას”,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში გიორგი ვოლსკიმ წარდგენაზე განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოების უშველებელი ნაწილი არის მობილიზებული იმისათვის, რათა არ დაუშვას ის, რასაც ოპონენტების გარკვეული ნაწილი ამბობს.

გიორგი ვოლსკის განცხადებით, წინასაარჩევნო შეხვედრების პერიოდში ნათლად გამოჩნდა, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი გაცილებით უფრო გაიზარდა პოლიტიკურად და ემოციურად, ვიდრე ზოგიერთი პოლიტიკური პარტია.

მისივე თქმით, ხალხს ძალიან კარგად ესმის სად არის სიმართლე და ზუსტად იციან რა არის პრობლემები ქვეყნის წინაშე მდგარი.

„ყველა შეხვედრის დროს, მე ვრწმუნდები, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი გაცილებით უფრო გაიზარდა პოლიტიკურად და ემოციურად, ვიდრე ზოგიერთი პოლიტიკური პარტია, ვიდრე ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტი, უპასუხისმგებლო თავის ქვეყნის, თავის ქვეყნის უსაფრთხოების, მომავალი თაობისა და ბავშვების წინაშე. ძალიან კარგად გრძნობენ, რომ სადისტური მმართველობა, რომელიც იყო, არსად არ წასულა, ის ელოდება თავის ჯერს, ჩასაფრებულია და ფარისევლური ბოდიშებით უნდა თავი დააღწიოს მათზე შექმნილ საკმაოდ ობიექტურ შეხედულებას. არიან პოლიტიკური თაღლითები, რომლებიც პირდაპირ ტყუილზე არიან გადასული იმისათვის, რომ იქნებ ვინმე მოატყუონ. არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ ქაოსური სიტუაცია შექმნან და იქნებ ამ ქაოსში, ამღვრეულ წყალში გარკვეული პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ. ხალხს ძალიან კარგად ესმის სად არის სიმართლე და ზუსტად იციან რა არის პრობლემები ქვეყნის წინაშე მდგარი. ზუსტად იციან ჩუღურეთში, რომ მნიშვნელობა აქვს დიდუბის ტყე-პარკს, ზუსტად იციან, რომ საბურთალოზე საგანგებო მნიშვნელობა ექნება ცენტრალურ პარკს, რომელსაც კონკრეტული ადამიანი აშენებს. ზუსტად იციან, რომ ეს კონკრეტული ადამიანი აკეთებს ამას, ქვეყნისათვის და მისი შვილიშვილების შვილიშვილები ვერ მიიღებენ აქედან რაიმე დივიდენდს, მოგებას. ეს ყველაფერი ქვეყნისთვის კეთდება”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

გიორგი ვილსკის თქმით, მადლობა, რომელსაც საზოგადოებისგან იღებენ არის მნიშნელოვანი და დასაფასებელი.

„მადლობა რომელსაც ჩვენ გავცემთ არის ძალიან მოკრძალებული და მადლობა, რომელიც საზოგადოებისგან უნდა მივიღოთ არის სწორედ ის, რაც გაგვამხნევებს, რაც ფორმაში გვამყოფებს და რაც იმ სიყვარულს შეგვინარჩუნებს, რომელიც გაგვაჩნია. ჩვენ სიყვარულით მოვდივართ, ჩვენ სათნოებით მოვდივართ, ეს არის ჩვენი პრინციპი, ეს არის ჩენი რწმენა და ვფიქრობთ ამ რწმენით და ამ პრინციპით გავიმარჯვებთ”,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში გიორგი ვოლსკი საზოგადოებას პრემიერ- მინისტრმა გიორგი გახარიამ და თბილისის მერმა კახა კალაძემ წარუდგინეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები