ეს ისტორია სასჯელაღსრულების სამინისტროს ყოფილ მინისტრს, კახა კახიშვილს უკავშირდება: რას იხსენებს ხათუნა ჯავახაძე

ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის ოფიციალურ ფეისბუკ-გვერდზე ხათუნა ჯავახაძე „ქართული ოცნების” ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატზე, კახა კახიშვილზე, რომელიც იმ დროს სასჯელაღსრულების მინისტრი იყო, ემოციურ ისტორიას იხსენებს.

როგორც ხათუნა ჯავახაძე აღნიშნავს, იმ დროს ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სოციალური განყოფილების უფროსად მუშაობდა და ეს ისტორია მისთვის ემოციურ მოგონებად იქცა.

ხათუნა ჯავახაძის თქმით, კახა კახიშვილის დახმარებით, პატიმარი მამა საკუთარი შვილის სპექტაკლის პრემიერას დაესწრო.

„ადამიანური ურთიერთობები უფრო ღირებული ალბათ სწორედ იქაა, სადაც მას პიროვნების მომავალ ცხოვრებაზე კვალის დატყობა ყველაზე მეტად შეუძლია.

ერთი ამბავი მინდა გავიხსენო, რომელიც საპატიმრო დაწესებულებაში ჩემი მუშაობის პერიოდს უკავშირდება.
ეს ისტორია სასჯელაღსრულების სამინისტროს ყოფილ ხელმძღვანელს, ბატონ კახა კახიშვილს უკავშირდება, რომელმაც ერთი ჩვეულებრივი დღე თბილ და ემოციურ მოგონებად აქცია:

2014 წელს ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სოციალური განყოფილების უფროსად ვმუშაობდი, სადაც ერთ–ერთი პროექტის ფარგლებში საუკეთესო თხზულება სათაურით – „შავი ბურთულა ანუ შუშის მიღმა დარჩენილი სიყვარული” გამოვლინდა. თხზულების ავტორი მსჯავრდებული იყო, რომელმაც ნაწარმოები შვილს მიუძღვნა. გოგონას, რომელიც 7 წლის განმავლობაში მხოლოდ შუშის გამყოფი ბარიერის მიღმა ჰყავდა ნანახი. ნაწარმოებში ის, დანაშაულს, რის გამოც შვილთან 7 წლით განშორება მოუხდა, ემოციურად განიცდიდა. სწორედ მისი სინანულის და შვილის მიმართ განცდილი გრძნობების გამო იქცა მისი ჩანახატი სასცენო ინსპირაციის წყაროდ.

2015 წელს, ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის N2 საჯარო სკოლაში დავიწყე მუშაობა კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორად. მალე თეატრალური ფესტივალი „N-ოვაცია 2016″ დაანონსდა. დადგა დრო, როდესაც შესაძლებელი გახდა შუშის მიღმა დარჩენილი სიყვარულის შესახებ უფრო მეტი გაეგო საზოგადოებას, რის შესახებაც ვაცნობე სკოლის დირექტორს, ბატონ მურად ჯიშკარიანს. მას ბევრი არ უფიქრია, იდეა მოიწონა და ყველა საჭირო რესურსი უზრუნველყო იმისათვის, რომ თხზულება სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით ქუთაისის მთავარ სცენაზე – ლადო მესხიშვილის პროფესიულ-დრამატულ თეატრში ეხილა მაყურებელს.

გადაწყდა, რომ თხზულება პიესად გვექცია. ამისათვის დავუკავშირდით ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ-დრამატული თეატრის მსახიობს აბელ სოსელიას და რუსუდან ფხაკაძეს, რომლებმაც თხზულების მიხედვით საუკეთესო სცენარი დაწერეს. სამუშაო პროცესში გაირკვა, რომ ჩანახატის ავტორი უკვე ციხიდან გათავისუფლებულ იყო. მას სცენარის მომზადებაში მონაწილეობის მიღება ვთხოვეთ და მისგან დახმარებაც მივიღეთ.

სპექტაკლში პატიმრის შვილის როლს ქუთაისის N2 საჯარო სკოლის ის მოსწავლე ასრულებდა, რომლის მამაც, ასევე სასჯელს იხდიდა და მასაც ისევე აწუხებდა მამასთან სიშორე, როგორ თხზულების ავტორის შვილს. ბატონი მურადის ინიციატივით, წერილით მივმართეთ ბატონ კახი კახიშვილს, რომელსაც იმ დროს სასჯელაღსრულების მინისტრის თანამდებობა ეკავა. წერილში ვთხოვდით შვილის როლის შემსრულებლის მამა სპექტაკლის პრემიერას დასწრებოდა. სულ მალე სამინისტროდან დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ შესაძლებელი იყო მამა შვილის თამაშს დასწრებოდა.

პრემიერა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სცენაზე შედგა. დარბაზში საკუთარ ქალიშვილთან ერთად იმყოფებოდა თხზულების ავტორი და მისი შვილის როლის შემსრულებლის, მეთერთმეტეკლასელი გოგონას მამა, რომელიც ბადრაგის თანხლებით საკუთარი ემოციური სიუჟეტის თანაზიარი გახდა”, – იხსენებს ხათუნა ჯავახაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები