“ჩვენი მიზანია, შშმ პირებმა გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი და ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანმა პარტიამ, ვიზრუნოთ, რომ მათ ადაპტირებულ ფორმატში ჰქონდეთ ამის საშუალება”

„ჩვენი მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებმა გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი და ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანმა პარტიამ, ვიზრუნოთ იმისთვის, რომ მათ ადაპტირებულ ფორმატში ჰქონდეთ ამის საშუალება”, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, “ქართული ოცნება” არის ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც ტრადიციულად ყოველ არჩევნებზე საარჩევნო პროგრამას ყველა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებულ ფორმატში ბეჭდავს. კერძოდ, უსინათლოებისთვის ბრაილის შრიფტით და აუდიო ვერსიას, სმენის არ მქონე და სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის კი ჟესტურ ენაზე.
„კერძოდ, რეაბილიტაციის პროგრამების დაფინანსება სამნახევარჯერ გაიზარდა და 12,5 მილიონი ლარიდან დღეს უკვე 38 მილიონი ლარია. დაგეგმილია ყოველწლიური ზრდა. რაც მნიშვნელოვანია, გაიზარდა გეოგრაფიული არეალი, მისაწვდომობა და ბენეფიციართა რაოდენობა. ძალიან მნიშვნელოვანია ის პროგრესი, რაც გვაქვს მისაწვდომობის გაზრდის კუთხით, შევქმენით შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები და გარანტიები.

“ქართულმა ოცნებამ” მოახდინა გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება. ჩვენ შევიმუშავეთ ახალი კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ, რითაც კონვენციასთან ჰარმონიზაციის პროცესი დავასრულეთ და გადავდივართ იმპლემენტაციის ნაწილზე. ასევე, მნიშვნელოვანია ის პროგრესი, რაც გვაქვს ინკლუზიური განათლების მხრივ, სადაც 2012 წელს მხოლოდ 23 ადაპტირებული საჯარო სკოლა იყო, დღეს უკვე 1329 ადაპტირებული საჯარო სკოლაა და ეს პროცესი გრძელდება ყოველწლიურად. გარდა ამისა, სპეციალურ პედაგოგებს მიენიჭათ მასწავლებლის სტატუსი.

ჩვენმა გუნდმა აღიარა აუტისტური სპექტრი. ჯერ თბილისში და შემდეგ რეგიონებში დავიწყეთ შესაბამისი სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელება, მაგრამ, ცხადია, ეს ყველაფერი არ არის თვითკმაყოფილების საგანი. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სამუშაო, ამიტომ მომდევნო 4 წლის მანძილზე კიდევ უფრო აქტიურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ყველა კატეგორიის შშმ პირს შევუქმნათ თანაბარი შესაძლებლობები და თანაბარი სარგებლობის გარანტიები” – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ გადავიდეთ სოციალურ მოდელზე და მკაფიოდ ვთქვათ, რომ შშმ პირები არ არიან პაციენტები, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობა არ არის დიაგნოზი და მხოლოდ უფლებრივი პარადიგმით მივუდგეთ ამ საკითხებს.

„რამდენიმე პრიორიტეტზე შევჩერდები, რომელზეც ფოკუსს ჯგუფებში ვიმუშავეთ, როგორც შშმ პირებთან ერთად, ასევე ჩვენი გუნდის ლიდერები და წევრები იყვნენ ჩართული. უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენ დღემდე არ გვაქვს ისეთი პროგრამები რომელიც ზრდასრული შშმ პირების რეაბილიტაციის სერვისებს უზრუნველყოფს და ამ მხრივ ჩვენ დავიწყებთ უკვე იმპლემენტაციას და გადავდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს. ასევე, ჩვენი პროგრამა ეხება დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის, სტრატეგიისა და კონცეფციის შემუშავებას და ეტაპობრივ გადასვლას ამ მიმართულებით. რაც მთავარია, შეიქმნას ამისი შესაბამისი გარანტიები. ასევე მნიშვნელოვანია, განვავითაროთ ჟესტური ენა და მოვახდინოთ მისი პოპულარიზაცია. ჩვენ უკვე ვაღიარეთ, რომ არსებობს ქართული ჟესტური ენა და ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი. უსინათლო ადამიანების მიმართულებით ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი სიახლეები საკანონმდებლო დონეზე, რომლებიც მათ დამოუკიდებლობის ხარისხს გაზრდის”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების” გუნდმა განახორციელა ქმედუნარიანობის რეფორმა, რომელსაც სჭირდება მეორე ტალღა.
„მომდევნო 4 წლის მანძილზე ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ, რომ იმპლემენტაციის ნაწილზე შევქმნათ შესაბამისი გარანტიები. ჩვენ გვსურდა, ეს პროგრამა პირველ რიგში შშმ პირებთან განგვეხილა, მაგრამ იმის გამო, რომ პანდემიიდან გამომდინარე შშმ პირები ვართ ის რისკ ჯგუფი, რომელიც განსაკუთრებულად მაღალია ამ შემთხვევაში, პირველ ეტაპზე მედიასთან ერთად გავაკეთეთ ეს, უარი ვთქვით შშმ პირები მოგვეწვია და რისკფაქტორები გაგვეზარდა. მათთან ვიმუშავეთ ინდივიდუალურად, რასაკვირველია ყველა საკითხი მივიღეთ მათთან აქტიური კონსულტაციების გზით და რაც მთავარია, დღეიდან უკვე დავიწყებთ სიარულს შშმ პირთა ოფისებში, ორგანიზაციებში, რათა დავარიგოთ ადაპტირებული მასალა მათთან, როგორც ჟესტურ ენაზე, ისე აუდიო და ვიდეო ფორმატით. ეს იქნება მნიშვნელოვანი და მოხარული ვარ, რომ ჩვენ ამ პროცესში შშმ პირებთან ერთად ვმონაწილეობთ და ისინი გააკეთებენ ინფორმირებულ არჩევანს. ჩვენი პროგრამა ეხება აბსოლუტურად ყველა კატეგორიის და საჭიროების შშმ პირს”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები