ბერლინში მაკრონზე ერდოღანის თავდასხმა დაგმეს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ თაიფ ერდოღანის მიერ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მისამართით გაკეთებული განცხადება დაგმო.
მაასის თქმით, ასეთი განცხადება “სრულიად მიუღებელია”.
ერდოღანმა დღეს მაკრონი ისლამოფობიაში დაადანაშაულა, მას “ავადმყოფი” უწოდა და “ფსიქიკაზე შემოწმება” ურჩია.
ამის საპასუხოდ საფრანგეთმა ანკარადან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია.
გარდა ამისა, ერდოღანმა თურქეთის მოსახლეობას ფრანგული საქონლის ბოიკოტირებისკენ მოუწოდა.
მაასის თქმით, “გერმანიის მთავრობამ ჩვენ ფრანგ მეგობრებს შეატყობინა, რომ გაგებით ეკიდება ელჩის გაწვევას და გადაწყვეტილებას მხარს მთლიანად უჭერს”. მინისტრის თქმით, გერმანია საფრანგეთის სოლიდარობას უცხადებს ერდოღანის პირადი თავდასხმების, ასევე, ისლამურ ექსტრემიზმთან ბრძოლის საკითხში.
ჰაიკო მაასის თქმით, დაუშვებელია რასიზმისა და ისლამოფობიის გაიგივება, ისლამურ ტერორიზმთან ბრძოლასთან, “ვინც ამას აკეთებს, საზოგადოების გახლეჩას ცდილობს”.
ერდოღანის განცხადება ასევე დაგმო გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შტეფენ ზაიბერთმა. მისი თქმით, “ეს შეურაცხმყოფელი სიტყვებია და დაუშვებელია განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საუბარია ისლამი ფანატიკოსის მიერ ჩადენილ მკვლელობაზე”.