“თურქეთის საელჩო აგრძელებს მუშაობას – საკონსულო სამსახური გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეასრულებს მხოლოდ სასწრაფო პროცედურებს”
თუქეთის რესპუბლიკის საელჩო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ზოგიერთ მედიასაშუალებაში გარკვეული ინფორმაცია არასწორად იქნა აღქმული და გაშუქდა, თითქოს, Covid 19-ის შემთხვევების მატების გამო, საელჩო მუშაობას წყვეტს.
“საელჩოს 24 ოქტომბრის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ, საქართველოში Covid 19-ის შემთხვევების მატების გამო, პრევენციის მიზნით, საკონსულო განყოფილება აჩერებდა მუშაობას შემდგომი განცხადების გაკეთებამდე, ხოლო სასწრაფო საკითხებთან დაკავშირებით იმუშავებდა საელჩოს ცხელი ხაზი.
ზოგიერთ მედიაში აღნიშნული ინფორმაცია გავიდა ისეთი სახით, თითქოს, საელჩო აჩერებს მუშაობას.
საელჩო აგრძელებს მუშაობას. საელჩოს აღნიშნული განცხადება ეხება მიმდინარე ხასიათის საკონსულო საქმიანობას, ვინაიდან ჩვენი საკონსულო სამსახური გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეასრულებს მხოლოდ სასწრაფო პროცედურებს”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.