არსებული ინფორმაციით, სარაჯიშვილის გამზირზე მოკლული ვალერიან ნემსიწვერიძე 2004-2006 წლების გახმაურებული საქმეებისა და ე.წ. ციხის ბუნტის ფიგურანტი იყო

ცნობილი ხდება, რომ თბილისში, სარაჯიშვილის გამზირზე დღეს მოკლული ვალერიან ნემსიწვერიძე 2004-2006 წლების გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების, მათ შორის, ე.წ ციხის ბუნტის ფიგურანტი იყო.

ნემსიწვერიძე ფიგურირებდა 2004 წელს დეპუტატ კახა გიუაშვილზე შეიარაღებული თავდასხმის საქმეში, რაზეც 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. 2013 წელს კი, არსებული ინფორმაციით, ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა.

2004-2008 წლების მოწვევის პარლამენტის წევრ კახა გიუაშვილის საქმეზე ვალერიან ნემსიწვერიძე და კიდევ ერთი პირი, დავით მინდაძე 2004 წლის 13 მაისს დააკავეს. 2007 წლის 26 თებერვალს სასამართლომ ისინი დამნაშვედ ცნო. საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა. მომჩივნები მათ წინააღმდეგ წამოწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნას უსამართლოდ მიიჩნევდნენ, ჩიოდნენ დაკავებისას პოლიციის მხრიდან არასათანადოდ მოპყრობის, წინასწარი პატიმრობის პირობების, პერიოდის არასათანადობისა და უკანონობის გამო. მინდაძემ და ნემსიწვერიძემ წამებისა და არაადამიანურ მოპყრობის ნაწილში სტრასბურგის სასამართლოში საქმე მოიგეს. სახელმწიფოს მათთვის 50 000-მდე ევროს გადახდა დაეკისრა.

ვალერიან ნემსიწვერიძე, რომელიც დღეს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად მოკლეს, არსებული ინფორმაციით, ფიგურირებდა 2006 წლის ე.წ. ციხის ბუნტის საქმეშიც.

აღნიშნულთან დაკავშირებით ავჭალაში, მკვლელობის ადგილზე მყოფმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, კახა მურადაშვილმა კომენტარი არ გააკეთა.

წყარო: 1TV.GE

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები