გიორგი ვოლსკი: ჩვენ გვყავს ღირსეული ადამიანების გუნდი, რომლებიც ჩვენს თავისუფლებასა და სიცოცხლეს იცავენ

„წარმატებად უნდა ჩაითვალოს, რომ არცერთი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ იქნა ხელყოფილი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ორი დღის წინ ზუგდიდში მომხდარი ფაქტის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანას ღირსეული პოლიციელების გუნდი ჰყავს, რომელიც ადამიანების თავისუფლებასა და სიცოცხლეს იცავს.

„საგამომძიებლო პროცესი მიმდინარეობს და რატომ ვერ ხდება დამნაშავის ამოცნობა  ეს კითხვა არარელევანტურია იმ რეალობასთან, რომელიც გვაქვს. საკმაოდ მომზადებული დამნაშავე მონაწილეობს ამ პროცესში, რომლის იდენტიფიკაციისთვის საკმაო საგამომძიებლო რესურსი იქნება დახარჯული. ვფიქრობ, რომ პირველი ეტაპი წარმატებით ჩატარდა და კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაუსვათ პოლიციის ხელმძღვანელობას, დაწყებული მინისტრიდან რიგით პოლიციელამდე დამთავრებული ჩვენ გვყავს ღირსეული ადამიანების გუნდი, რომლებიც ჩვენს თავისუფლებას და ჩვენს სიცოცხლეს იცავენ. რასაკვირველია, სიცოცხლის დაცვა პოლიციის მთავარი ამოცანა იყო და მას საკმაოდ წარმატებით გაართვეს თავი. საფრთხე იყო რეალური, თუმცა იმის მტკიცება, რომ სჯობდა განადგურებულიყო ყაჩაღი და საფრთხის ქვეშ დაეყენებინათ ადამიანების სიცოცხლე არის სწორედ ის ხელწერა, რომელიც გარკვეული ტიპის პოლიტიკურ სუბიექტებს ახასიათებთ.წარმატებად უნდა ჩაითვალოს, რომ არც ერთი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ იქნა ხელყოფილი. დარწმუნებული ვარ, რომ ოპერაციის მეორე ეტაპი როგორიც არის დამნაშავის აღმოჩენა, ასევე წარმატებული იქნება”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები