გიორგი ყარყარაშვილი: არ მგონია, მძარცველს შერჩეს ნაძარცვი, ადრე თუ გვიან, ის აუცილებლად დაისჯება
გენერალ-მაიორი, გიორგი ყარყარაშვილი ზუგდიდის სპეცოპერაციას დადებითად აფასებს.
ყარყარაშვილის თქმით, ის მოხარულია, რომ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა.
“ძალზე დადებითად ვაფასებ იმას, რომ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა და ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ შექმნია. არ მგონია მძარცველს შერჩეს ნაძარცვი, ადრე თუ გვიან, ის აუცილებლად დაისჯება. რაც შეეხება ხელისუფლების გადაწყვეტილებასა და არჩევანს ადამიანის სიცოცხლესა და ნახევარ მილიონს შორის, ის უთუოდ მისასალმებელია და მოხარული ვარ, რომ ყველაფერი ასე დამთავრდა”, – აცხადებს ყარყარაშვილი.
შეგახსენებთ, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული პირი გუშინ შეიჭრა და მძევლები აიყვანა. მოგვიანებით, ხელყუმბარით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ბანკის შენობა რადენიმე მძევალთან ერთად დატოვა და პოლიციის მანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. დანარჩენი მძევლები კი გათავისუფლდნენ.
ამ დროისთვის, ყველა მძევალი თავისუფალია და თავდამსხმელის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და მძევლად აყვანას გულისხმობს.