“სირცხვილია, როდესაც გასათავისუფლებელია 19 ადამიანი, „გლავ კანალისა“ და „პერვი კანალის“ ჟურნალისტები კი პრემიერს დანაშაულის სტატისტიკის შესახებ ეკითხებიან”
“სირცხვილია, როდესაც გასათავისუფლებელია 19 ადამიანი, „გლავ კანალისა“ და „პერვი კანალის“ ჟურნალისტი კი პრემიერს დანაშაულის სტატისტიკის შესახებ ეკითხება”, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებში პრობლემა მხოლოდ მედიასაშუალებების ქმედებებშია თუ არა.
„საზოგადოებამ დაინახა, რაში გამოიხატებოდა პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა. დღეს ეს არ არის მთავარი. მთავარია მძევლების სწრაფი გათავისუფლება. ასევე, მნიშვნელოვანი პრობლემაა ის, თუ როგორ იქცევიან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები და უპასუხისმგებლო მედიასაშუალებები. პოლიტიკოსების მხრიდან ათზე მეტი განცხადება იყო. ეს იყო პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა, რაც ასეთ ვითარებაში გამაოგნებელია.
რაც შეეხება მედიასაშუალებებს, იყო უპასუხისმგებლო ქმედებები და კონკრეტული ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავდა, ამას გეუბნებით, როგორც იურისტი. გეტყვით, პოლიტიკური ქულების ჩაწერის მცდელობა რა არის – როცა ასეთი მძიმე ვითარებაა და 19 ადამიანი გასათავისუფლებელია, თქვენი ჟურნალისტი, „გლავ კანალისა“ და „პერვი კანალის“ ჟურნალისტი პრემიერმინისტრ გახარიასთან მიდის და ეკითხება დანაშაულის სტატისტიკის შესახებ, ეს არის სირცხვილი“, – განაცხადა კობახიძემ.