პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი: მაქსიმალურად შევეცდები, მხარი დავუჭირო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს განვითარებასა და წინსვლაში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ადგილობრივ და საერთაშორისო ტალანტებს მოუყრის თავს, – ამის შესახებ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტმა, პროფესორმა ვოლფგანგ ჰერმანმა უნივერსიტეტის გახსნაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს უნივერსიტეტი რეგიონის მასშტაბით პირველია, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებითაა მოწყობილი.

მან სტუდენტებს უნივერსიტეტის გახსნა მიულოცა და წარმატება უსურვა.

„ეს უნივერსიტეტი გახლავთ უნიკალური იმ თვალსაზრისით, რომ ის რეგიონის მასშტაბით პირველია, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებით არის მოწყობილი და შესაბამისად, მეცნიერებების, ტექნოლოგიების და მეწარმეობის მიმართულებით მოამზადებს სტუდენტებს. მე, როგორც ამ ახალი, თანამედროვე უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტს, მსურს მივულოცო ქვეყანას და განსაკუთრებით მოგილოცოთ თქვენ, პატივცემულო და ძვირფასო სტუდენტებო. ეს თქვენთვის შესანიშნავი შესაძლებლობა იქნება და დარწმუნებული ვარ, მაქსიმალურად გამოიყენებთ ამ შესაძლებლობას.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ადგილობრივ და საერთაშორისო ტალანტებს მოუყრის თავს და მოამზადებს ახალგაზრდა თაობას, რაც საუკეთესო შესაძლებლობა და სერვისია, რომელიც შეიძლება მიიღოს ქვეყანამ, რომელსაც ესაჭიროება ტექნიკური გამოცდილება, ტექნიკური სფეროს ექსპერტები, რათა უფრო მეტი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია შემოიყვანოს ქვეყანაში.

ამას ასევე, ადასტურებს შესანიშნავი აკადემიური პერსონალის არსებობა – პროფესორები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტიდან, რომლის პრეზიდენტობის პატივი 24 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მქონდა. მე ჩემი მხრივ, მაქსიმალურად შევეცდები, მხარი დავუჭირო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს განვითარებასა და წინსვლაში. გარდა ამისა, პროცესში ჩართულები იქნებიან საერთაშორისო მასშტაბის პროფესორები გერმანიიდან, რომელთაც საუკეთესო სტანდარტების მიხედვით შეუძლიათ სწავლება.

ვერც ერთი უნივერსიტეტი ვერ იქნება წარმატებული, თუ სტუდენტების მოტივაცია, რესურსი და სათანადო ბაზა არ იქნება. გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ და ხელი შეუწყოთ პროფესორებსა და ლექტორებს, რათა დაგანახონ ის უმაღლესი სტანდარტები, რომლებიც დღესდღეობით მსოფლიოში, ტექნოლოგიების სფეროში არსებობს. გისურვებთ სასიამოვნო დღეს, გილოცავთ და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ“, – განაცხადა ვოლფგანგ ჰერმანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები