სოზარ სუბარი: უკრაინელი ჟურნალისტების ფილმი არის ძალიან მწყობრი, ძალიან ჩამოყალიბებული, თანმიმდევრული და ძალიან ბევრი დოკუმენტია მოყოლილი

„გამოძიებას ნამდვილად არ გავუსწრებ, მაგრამ ერთი რამე ზუსტად ვიცი, რომ სააკაშვილის მხრიდან ნამდვილად ყველაფერია მოსალოდნელი და ეს არ არის მარტო ერთი ფაქტი”, – ასე უპასუხა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, გეგმავდა თუ არა მიხეილ სააკაშვილი გიორგი გაბუნიას მკვლელობას ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზნით.

როგორც სუბარმა აღნიშნა, ეს მათი ხელწერაა და გასაკვირი არაფერია, თუმცა გამოძიება, ალბათ, დაადგენს ყველაფერს და არამხოლოდ მათი გამოძიება.

„ჩვენ გვახსოვს კარგად მისი სატელეფონო საუბრები გვარამიასთან, როცა ის ამბობდა, რომ რამდენიმე გვამი საჭიროა „რუსთავი 2-თან” იმისთვის, რომ მოხდეს ხალხის აღელვება და გარკვეული რევოლუციური სცენარი წავიდეს. ზოგადად, კარგად გვახსოვს ვანო მერაბიშვილის გამოსვლებიც, რომ ორი გვამი სჭირდებათ, „ორი ტრუპი სჭირდებათ” იმისთვის, რომ გარკვეული ამბოხება გაემართლებინათ, რომ ეს ნამდვილად ამბოხება იყო. ეს მათი ხელწერაა, ამიტომ გასაკვირი არაფერი არ არის, თუმცა გამოძიება ალბათ დაადგენს ყველაფერს და არა მხოლოდ ჩვენი გამოძიება. დარწმუნებული ვარ, ამაში ჩაებმება უკრაინის გამოძიებაც იმიტომ, რომ სწორედ მათ ტერიტორიაზე იგეგმებოდა ეს სავარაუდო დანაშაული”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები